ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.

1

ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,

2 არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე. 2 არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.
3 ხოლო თუ ჩვენი სახარება დაფარულია, წარწყმედილთათვის არის დაფარული, 3 ხოლო უკუეთუ არს დაფარულ სახარებაჲ ესე ჩუენი, წარწყმედულთა მათ შორის არს დაფარულ,
4 რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი. 4 რომელთანი-იგი ღმერთმან ამის სოფლისათა დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ.
5 რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის. 5 რამეთუ არა თუ თავთა თჳსთა ვქადაგებთ, არამედ ქრისტესა იესუს, უფალსა; ხოლო თავთა ჩუენთა - მონად თქუენდა იესუჲსთჳს.
6 რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 6 რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა.
7 ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 7 ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან.
8 ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 8 ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს.
9 დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 9 დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ.
10 ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 10 მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს.
11 ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 11 რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს;
12 ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში. 12 ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.
13 მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 13 ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.
14 რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 14 ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.
15 ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად. 15 რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
16 ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი. 16 ამისთჳს არა გუეწყინების, არამედ დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ.
17 ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, 17 რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთჳს.
18 როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი. 18 რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას, რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი - საუკუნო.