ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

1

ესე რაჲ უკუე გუქონან აღთქუმანი, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა.

2 შეგვითვისეთ: არავის მოვქცევივართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია რამე და არც ანგარება გამოგვიჩენია ვისიმე მიმართ. 2 შემინდვეთ ჩუენ: არავის რაჲ ვავნეთ, არავინ განვხრწენით, არავინ მოვიანგაჰრეთ.
3 განსაკითხავად როდი ვამბობ: ვინაიდან უწინაც მითქვამს, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა ერთად მოვკვდეთ და ერთად ვიცოცხლოთ. 3 არა დასაშჯელად ვიტყჳ, რამეთუ წინაწარ ვთქუ, ვითარმედ: გულთა შინა ჩუენთა ხართ, თანა-მოსიკუდიდ და თანა-ცხორებად.
4 დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი. 4 მრავალი კადნიერებაჲ მაქუს თქუენდა მიმართ, მრავალი სიქადული თქუენთჳს, სავსე ვარ ნუგეშინის-ცემითა, გარდამრევიეს სიხარული ყოველთა ზედა ჭირთა ჩუენთა.
5 რადგანაც მაკედონიაში ჩასვლისას ვერავითარი სიმშვიდე ვერ ჰპოვა ჩემმა ხორცმა, არამედ ყოველი მხრიდან შევიწროებულნი ვიყავით: გარედან - თავდასხმები, შიგნით კი - შიში. 5 და რამეთუ რაჟამს მოვედით ჩუენ მაკედონიად, არცა ერთი რაჲ ლხინებაჲ აქუნდა ჴორცთა ჩუენთა, არამედ ყოვლითავე ვიჭირვოდეთ: გარეშე - ბრძოლანი, შინაგან - შიშნი.
6 მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით; 6 არამედ რომელმან-იგი ნუგეშინის-სცის მდაბალთა, ნუგეშინის-მცა ჩუენ ღმერთმან მოსლვასა მას ტიტესსა;
7 და არა მარტო მოსვლით, არამედ ნუგეშითაც, რომლითაც ნანუგეშები იქნა ჩვენგან, - როცა გადმოგვცა თქვენი სურვილი, თქვენი გოდება, თქვენი თავგამოდება ჩემს მიმართ, ასე რომ, უმეტესად გავიხარე. 7 არა ხოლო მოსლვითა მისითა, არამედ ნუგეშინის-ცემითა მით, რომლითა ნუგეშინის-ცემულ იქმნა თქუენ ზედა: მითხრობდა ჩუენ თქუენსა მას სურვილსა, თქუენსა მას გოდებასა, თქუენსა მას შურსა ჩუენთჳს, ვიდრეღა მე უფროჲსად განვიხარე.
8 ამიტომ, თუ ჩემი წერილით დაგამწუხრეთ, არ ვნანობ, თუმცა კი ლამის ვინანე, რადგანაც ვხედავ, რომ ჩემმა წერილმა დაგამწუხრათ, თუნდაც დროებით. 8 რამეთუ დაღათუ შეგაწუხენ თქუენ წიგნითა მით, არა ვინანი, დაღათუმცა ვინანდი; ვხედავ, რამეთუ წიგნმან მან დაღათუ შეგაწუხნა თქუენ, ჟამ ერთ.
9 ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან. 9 აწ მიხარის, არა თუ რომელ შესწუხენით, არამედ რამეთუ შესწუხენით სინანულად; და რამეთუ ღმრთისათჳს შესწუხენით, რაჲთა არარაჲთ იზღვინეთ ჩუენგან.
10 ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია. 10 რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულისა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმნს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს.
11 რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში. 11 რამეთუ აჰა ესერა მანვე ღმრთისა მიერმან მწუხარებამან მაგან თქუენმან რაოდენი შექმნა თქუენ შორის სწრაფაჲ, რაოდენი სიტყჳს-გებაჲ, რაოდენი შერისხვაჲ, რაოდენი შიში, რაოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ, რაოდენი მომადლებაჲ, გინა რაოდენი ლხინი! ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი წმიდად საქმესა მას.
12 ასე რომ, თუკი მოგწერეთ, შეურაცხმყოფელისა და შეურაცხყოფილის გამო როდი მოგწერეთ, არამედ რათა გამოჩენილიყო თქვენი გულმოდგინება ჩვენს მიმართ ღვთის წინაშე. 12 და ღაცათუ მივწერე თქუენდა, გარნა არა სამე მავნებელისა მისთჳს, არცა ვნებულისა, არამედ ამისთჳს, რაჲთა გამოჩნდეს მოსწრაფებაჲ თქუენი ჩუენდა მომართ წინაშე ღმრთისა.
13 ამიტომაც ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით და უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რადგანაც ყველამ მოუფონეთ მის სულს. 13 ამისთჳს ნუგეშინის-ცემულ ვართ ნუგეშინის-ცემასა მას თქუენსა ზედა; უმეტესადღა და უფროჲს განვიხარეთ სიხარულსა მას ზედა ტიტესსა, რამეთუ განსუენებულ არს სული მისი თქუენ ყოველთაგან.
14 ამრიგად, თუკი თქვენს გამო რაიმე დავიქადე მის წინაშე, არ შევრცხვენილვარ; არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გეუბნებოდით, ჭეშმარიტი აღმოჩნდა ჩვენი სიქადულიც ტიტეს მიმართ. 14 რამეთუ რაჲცა-იგი მისა მიმართ ვიქადე თქუენთჳს, არა მრცხუენა, არამედ ვითარცა ყოველსავე ჭეშმარიტებით გეტყოდეთ თქუენ, ეგრეთცა სიქადული იგი ჩუენი ტიტეს მიმართ ჭეშმარიტ იქმნა.
15 თქვენდამი სიყვარულით ევსება გული, როცა იხსენებს თვითეული თქვენგანის მორჩილებასა და იმას, თუ როგორი მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი. 15 და მოწყალებაჲ მისი უმეტესადღა თქუენდა მიმართ არს, მოეჴსენების თქუენ ყოველთა იგი მორჩილებაჲ, ვითარ-იგი შიშით და ძრწოლით შეიწყნარეთ იგი.
16 ამრიგად, მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ. 16 მიხარის, რამეთუ ყოვლითავე კადნიერ ვარ თქუენ შორის.