ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ახლა კი გაუწყებთ, ძმანო, ღვთის მადლს, რომელიც მიეცა მაკედონიის ეკლესიებს.

1 ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, მადლსა მას ღმრთისასა, რომელი-იგი მოცემულ არს ეკლესიათა მაკედონიაჲსათა,
2 ვინაიდან, დიდი ჭირნაცადობის მიუხედავად, მათი სიხარულის სავსება და მათი სიღატაკის სიღრმე მოჭარბებულად გამოჩნდა მათივე სიწრფელის სიუხვით. 2 რამეთუ მრავალმან მან გამოცდილებამან ჭირისამან და უმეტესმან სიხარულმან მათმან და დიდძალმან სიგლახაკემან მათმან გადაჰმატა სიმდიდრესა მას უხუებისა მათისასა;
3 რადგანაც ვმოწმობ, რომ შეძლებისდაგვარად გულუხვნი იყვნენ და უფრო მეტადაც. 3 რამეთუ მსგავსად ძალისა მათისა, ვეწამები, და უფროჲს ძალისაცა ნეფსით თჳსით.
4 თვითონვე დაჟინებით გვთხოვეს მადლი და მონაწილეობის ნება წმიდათა მსახურებაში. 4 მრავლითა ვედრებითა გუევედრნეს მადლსა მას და ზიარებასა მსახურებისასა წმიდათა მიმართ.
5 და არა მარტო ის, რისი იმედიც გვქონდა, არამედ თავიანთი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით. 5 და არა ხოლო ვითარ-იგი ვესევდით, არამედ თავნი თჳსნი მისცნეს პირველად უფალსა და მერმე ჩუენ ნებითა ღმრთისაჲთა.
6 ამიტომაც ვთხოვეთ ტიტეს, როგორც დაიწყო, ასევე დაესრულებინა ეს სამადლო საქმე თქვენს შორის. 6 რაჲთა ვჰლოცვიდეთ ჩუენ ტიტეს, რაჲთა ვითარცა-იგი წინაწარ იწყო, ეგრეთვე აღასრულოს თქუენდა მიმართ ესეცა მადლი.
7

და რაკი უხვად გაქვთ ყველაფერი: რწმენა და სიტყვა, ცოდნა და გულმოდგინება, ისევე, როგორც ჩვენმიერი სიყვარული თქვენში, მაშ, უხვად გქონდეთ ეს მადლიც.

7 არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ.
8 ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ სხვების გულმოდგინებით ვცდი თქვენი სიყვარულის სიწრფელეს. 8 არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი.
9 რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით. 9 რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ.
10 მე გირჩევთ იმას, რაც სარგოა თქვენთვის: აღასრულეთ ის, რაც ხალისით წამოიწყეთ ჯერ კიდევ შარშან. 10 და ამისათჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაწარ იწყეთ შრანდითგან.
11 მაშ, ახლა ბოლომდე მიიყვანეთ საქმე, რათა როგორი გულმოდგინებითაც გსურდათ, ისევე დაასრულოთ თქვენი შეძლებისამებრ. 11 ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულს-მოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს.
12 ვინაიდან, როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს. 12 რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს.
13

ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ - ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს.

13 რამეთუ არა, რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.
14 ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა. 14 ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.
15 რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“. 15 ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.
16 მადლობა ღმერთს, რომელმაც ასეთი სწრაფვა ჩაუნერგა ტიტეს გულს თქვენს მიმართ. 16 ხოლო მადლი ღმერთსა, რომელმან მოსცა იგივე სწრაფაჲ თქუენთჳს გულსა ტიტესსა.
17 რადგანაც არა მარტო შეიწყნარა თხოვნა, არამედ გულმოდგინებით აღძრული თავისი ნებით გამოეშურა თქვენსკენ. 17 რამეთუ ვედრებაჲ იგი შეიწყნარა და უმოსწრაფეს რაჲ იყო, ნეფსით თჳსით განვიდა თქუენდა მიმართ.
18 მასთან ერთად წარმოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისთვის. 18 და მის თანა მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა-იგი ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა მიერ ეკლესიათა,
19 მეტიც, ეკლესიების მიერვე არჩეულ იქნა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რომელსაც ვემსახურებით უფლის სადიდებლად და ჩვენი კეთილი ზრახვის აღსასრულებლად. 19 და არა ხოლო თუ ესე, არამედ ჴელთ-დასხმითაცა იკურთხა ეკლესიათაგან თანა-გუნდად ჩუენდა მადლითა ამით, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ თავადისა უფლისა სადიდებელად გულს-მოდგინებისა თქუენისათჳს.
20 თანაც ვფრთხილობთ, რომ არავინ დაგვგმოს იმ უხვი შემოწირულობის გამო, რაც შეგროვებულ იქნა ჩვენი მსახურებით. 20 ვერიდებით ამას, ნუ ვინმე გუგმობდეს ჩუენ სიმტკიცისა ამისათჳს, რომელი იმსახურების ჩუენ მიერ.
21 რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც. 21 რამეთუ წინაწარ განვიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა.
22 მათთან ერთადვე გამოვგზავნეთ ჩვენი ძმა, ვისი გულმოდგინებაც ბევრჯერ გამოგვიცდია სხვადასხვა საქმეში, ხოლო ამჟამად კიდევ უფრო გულმოდგინეა, რადგანაც დიდი ნდობა აქვს თქვენი. 22 და ამათ თანა მივავლინეთ ძმაჲ ჩუენი, რომელი გამოგუეცადა მრავალსა შინა მრავალ-გზის, და არს იგი მოსწრაფე, ხოლო აწ ფრიად უმოსწრაფეს სასოებითა მრავლითა თქუენდა მიმართ.
23 ტიტე კი ჩემი მეგობარი და თანამოსაქმეა თქვენს შორის, ხოლო ჩვენი ძმები ეკლესიის წარგზავნილნი არიან და დიდება ქრისტესი. 23 გინა თუ ტიტესთჳს, საქმისა ზიარისა მის ჩუენისა და თქუენისა შემწისა, გინა თუ ძმანი ჩუენნი, მოციქულნი ეკლესიათანი, დიდებანი ქრისტესნი.
24 მაშ, ეკლესიების წინაშე დაუდასტურეთ თქვენი სიყვარული და ისიც, რის გამოც მართებულად ვიქადით თქვენით. 24 აწ უკუე გამოჩინებაჲ იგი სიყუარულისა თქუენისაჲ და ჩუენისა სიქადულისაჲ თქუენთჳს მათა მიმართ აჩუენეთ წინაშე პირსა ეკლესიათასა.