ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, - მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით, |
1 |
სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტესი, რომელთა-ეგე სწორი ჩუენდა პატივი ხუედრებულ არს სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესითა. |
2 | მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით. | 2 | მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა ღმრთისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა! |
3 | რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო, | 3 | რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა; |
4 | რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ. | 4 | რომელთაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის მიერ იქმნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა და ევლტოდით სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა. |
5 | ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება, | 5 | და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა – მეცნიერებაჲ, |
6 | შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა, | 6 | და მეცნიერებისა შინა – მარხვაჲ, მარხვასა შინა – მოთმინებაჲ, მოთმინებისა შინა – ღმრთის მსახურებაჲ |
7 | ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული. | 7 | და ღმრთის მსახურებასა შინა – ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა – სიყუარული. |
8 | თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას. | 8 | რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. |
9 | ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან. | 9 | ხოლო რომელსა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ. |
10 | ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ. | 10 | ამისთჳს, ძმანო, უფროჲსღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ იგი თქუენი და რჩეულებაჲ; რამეთუ ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ ყოვლადვე. |
11 | ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფევლის კარი. | 11 | არამედ ესრეთ მდიდრად წარგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა, |
12 |
ამიტომაც გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცაღა იცით და მტკიცედაც ადგახართ აწინდელ ჭეშმარიტებას. |
12 | რომლისათჳსცა არა უდებ ვიქმნე მარადის მოჴსენებად თქუენდა ამისთჳს, დაღაცათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა ამას ზედა ჭეშმარიტებასა. |
13 | მართებულად მიმაჩნია, ვიდრე ამ კარავში ვარ, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ. | 13 | ხოლო სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას საყოფელსა შინა განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა. |
14 | რადგანაც ვიცი, რომ მალე უნდა დავუტევო ჩემი კარავი, როგორც მაუწყა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. | 14 | უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე. |
15 | ასე რომ, ვეცდები ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას. | 15 | და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვსა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ. |
16 | ვინაიდან თავშესაქცევი იგავებით როდი გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლა და ძალმოსილება, არამედ მისი სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. | 16 | რამეთუ არა სიბრძნისა ზღაპართა შეუდეგით და გაუწყეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ-მხილველ ვიქმნენით მისისა მის დიდებულებისა. |
17 | რადგანაც მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც მისწვდა ესოდენ დიდმშვენიერი დიდების ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიაც კეთილად გამოვჩნდი მე. | 17 | რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია მისსა ესევითარისგან დიდად შუენიერებისა დიდებისა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ. |
18 | და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე. | 18 | და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული მის ზედა, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა. |
19 | ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი. | 19 | და მაქუს ჩუენ უმტკიცესი საწინაწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ; რომელი კეთილად ჰყოთ, ეკრძალნეთ, თუ ვითარცა სანთელსა მნთებარესა ადგილსა შინა წყუდიადსა, ვიდრემდის დღე განათლდეს და მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა. |
20 | უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. | 20 | ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა იქმნების. |
21 | რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი. | 21 | რამეთუ არ ნებითა კაცთაჲთა მო-სადამდე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი. |