ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამას უკვე მეორე წერილსა გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წმიდა აზრს, |
1 |
აჰა ესერა, საყუარელნო, ამას მეორესა ებისტოლესა მივსწერ თქუენდა, რომელთა მიერ განვაღჳძებ მოჴსენებითა წადიერითა გონებასა თქუენსა |
2 | რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ იმთავითვე თქმული სიტყვები და უფლისა და მაცხოვრის მცნებანი გადმოცემულნი თქვენი მოციქულების მიერ. | 2 | მოჴსენებად პირველ თქუმულთა მათ სიტყუათა წმიდათა წინაწარმეტყუელთა მიერ და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებათა უფლისა და მაცხოვრისათა. |
3 | უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი, | 3 | ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწინენ უკუანაჲსკნელთა დღეთა მეკიცხევარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი |
4 | და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან. | 4 | და იტყოდიან: სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? რამეთუ ვინაჲთგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ. |
5 | რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით. | 5 | რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. |
6 | ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა. | 6 | რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა. |
7 | ახლანდელ ცასა და მიწას კი ცეცხლისათვის ინახავს იგივე სიტყვა, რათა განკითხვის დღეს მოსრას უღვთონი. | 7 | ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა. |
8 | ისიც იცოდეთ, საყვარელნო რომ ერთი დღე უფლისათვის როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე. | 8 | ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღე უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღე. |
9 | არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად. | 9 | არა ყოვნოს უფალმან აღთქუმისა მისგან, ვითარ-იგი ვიეთმე დაყოვნებად შეურაცხიეს, არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ. |
10 | ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი. | 10 | ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ. |
11 | მაგრამ თუ ყოველივე ეს დაიშლება, როგორი უნდა იყოს თქვენი ყოფა წმიდა ქცევითა და ღვთისმოსაობით, | 11 | რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით. |
12 | რაკიღა ნატრობთ და მოელით, როდის მოვა დღე უფლისა, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები? | 12 | და ისწრაფდეთ მოსლვასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ. |
13 | ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე. | 13 | ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს. |
14 | ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი. | 14 | ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ, და ისწრაფეთ შეუგინებელთა და უბიწოთა მისა პოვნად მშჳდობით. |
15 | ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით. | 15 | და უფლისა ჩუენისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, მსგავსად მოცემულისა მის მისდა სიბრძნისა მიწერა თქუენდა. |
16 | ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელი გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი. | 16 | ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისათჳს, რომელნი-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა მათცა წიგნთა მსგავსად, მათისავე მის წარწყმედისა. |
17 | ხოლო თქვენ, საყვარელნო, რაკიღა წინასწარ იცით ეს, ფრთხილად იყავით, რათა არ ჩაგითრიოთ უკეთურთა ცთომილებამ და არ გიღალატოთ თქვენმა სიმტკიცემ. | 17 | თქუენ უკუე, საყუარელნო, წინაწარ რაჲ უწყით ესე, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროთასა მას საცთურსა თანა-აღერინეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისა მისგან თჳსისა. |
18 | არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლითა და შემეცნებით. დიდება მას აწ და მარადის. ამინ. | 18 | არამედ აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა. მისა დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ. |