ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, |
1 |
ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ, |
2 | იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. | 2 | რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ. |
3 | ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, | 3 | ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაჲ იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ, |
4 | წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. | 4 | მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი. |
5 | ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? | 5 | არა გაჴსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ? |
6 | ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. | 6 | და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თჳსსა მას ჟამსა. |
7 | რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. | 7 | რამეთუ საიდუმლოჲ იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაჲ, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, |
8 | და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, | 8 | და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოჲ იგი, რომელი-იგი უფალმან აღჴოცოს სულითა პირისა მისისაჲთა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაჲთა, |
9 | მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, | 9 | რომლისა-იგი მოსლვაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა |
10 | ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. | 10 | და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, |
11 | ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, | 11 | ამისათჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ, |
12 | და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო. | 12 | რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა. |
13 | ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგანაც ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამითვე ამოგირჩიათ სახსნელად. | 13 | ხოლო ჩუენ თანა-გუაც მადლობაჲ ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო საყუარელნო, უფლისა მიერ, რამეთუ გამოგირჩინა თქუენ ღმერთმან პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაჲთა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებისაჲთა, |
14 | სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას. | 14 | რომელსაცა გიჩინნა თქუენ სახარებისა მიერ ჩუენისა შესაწევნელად დიდებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. |
15 | მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით. | 15 | ამიერითგან, ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყჳთა, გინა წიგნითა ჩუენითა. |
16 | ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, - | 16 | ხოლო თავადმან უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან და ღმერთმან და მამამან ჩუენმან, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და მოგუცა ნუგეშინის-ცემაჲ საუკუნოჲ და სასოებაჲ კეთილი მადლითა მით, |
17 | ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში. | 17 | ნუგეშინის-ეცინ გულთა თქუენთა და განგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა სიტყჳთა და საქმითა კეთილითა. |