ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, -

1

პავლე, მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა, აღთქუმისა მისებრ ცხორებისა ქრისტე იესუჲს მიერ,

2 ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან. 2 ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა, მადლი, წყალობაჲ, მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
3 ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით; 3 ვჰმადლობ ღმერთსა, რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა, ვითარ-იგი მოუკლებელად მაქუს შენთჳს ჴსენებაჲ ლოცვათა შინა ჩემთა ღამე და დღე,
4 შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით. 4 და მსურის ხილვაჲ შენი, - მომეჴსენებიან ცრემლნი ეგე შენნი, - რაჲთა სიხარულითა აღვივსო.
5 მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც. 5 მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა.
6 ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა. 6 რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა.
7 რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა. 7 რამეთუ არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ.
8 მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, 8 ნუ უკუე გრცხუენინ წამებაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ნუცა მე, კრული ესე მისი, არამედ თანა-იჭირვოდე სახარებასა მას ძალითა ღმრთისაჲთა,
9 რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში, 9 რომელმან-იგი მიჴსნნა ჩუენ და მიჩინნა ჩუენ ჩინებითა მით წმიდითა არა საქმეთა ჩუენთათჳს, არამედ თჳსითა ნებითა და მადლითა, რომელი მომცა ჩუენ ქრისტე იესუჲს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა,
10 ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით; 10 რომელ გამოცხადნა აწ გამოჩინებითა მით მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომელმან-იგი განაქარვა სიკუდილი და განანთლა ცხორებაჲ და უხრწნელებაჲ სახარებითა მით,
11 ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი, 11 რომლისათჳს დადგინებულ ვარ მე ქადაგად და მოციქულად და მოძღურად წარმართთა.
12 ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. 12 რომლისათჳსცა ესე მევნების, არამედ არა მრცხუნის. რამეთუ ვიცი, რომელი-იგი მრწმენა და მრწამს, რამეთუ ძალ-უც ვედრისა მის ჩემისა დამარხვად მერმესა მას დღესა.
13 სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში. 13 სახედ გაქუნდინ ცოცხლებისა სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა ჩემგან სარწმუნოებითა და სიყუარულითა ქრისტე იესუჲსითა.
14 შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. 14 კეთილი იგი ვედრი დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა.
15 შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. 15 უწყი სამე ესე, რამეთუ დამიტევეს მე ყოველთა, რომელნი არიან ასიას შინა, რომელ არიან ფიგელოს და ერმოგენი.
16 წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები. 16 მოეცინ უფალმან წყალობაჲ ონისიფორეს სახლსა, რამეთუ მრავალ-გზის მე განმისუენა, და ჯაჭჳ ესე ჩემი არა სირცხჳლ-უჩნდა;
17 არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 17 არამედ მოვიდა ჰრომედ და მოსწრაფედ მეძიებდა მე და მპოვა.
18 ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი. 18 მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა; და რაოდენი-იგი ეფესოს შინა მმსახურა, უმჯობეს შენ უწყი.