ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის მეორე ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,

1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,
2 და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.
3 ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.
4 არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.
5 ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.
6 მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.
7 დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა. მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,
8 გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 8  
9 ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.
10 ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით. 10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.
11 სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ. 11 სარწმუნო არს სიტყუაჲ, რამეთუ უკუეთუ მის თანა მოვსწყდეთ, მის თანაცა ვცხონდეთ.
12 თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. 12 უკუეთუ დავითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ; უკუეთუ უარ-ვყოთ, მანცა უარ-მყვნეს ჩუენ.
13 რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება. 13 უკუეთუ არა გურწმენეს, იგი სარწმუნოდ ჰგიეს; უარ-ყოფად თავისა თჳსისა ვერ ძალ-უც.
14

ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს.

14 ამას მოაჴსენებდ წინაშე ღმრთისა და უწამებდ ნუ სიტყჳთა ლალვისაჲთა არად საჴმარად, განსადრეკელად მსმენელთა მათ.
15 ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს. 15 ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხჳნელად, წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა.
16 ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება. 16 ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რამეთუ უმეტეს წარემატნიან უშჯულოებითა,
17 და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა, 17 და სიტყუამან მათმან, ვითარცა სრსჳლმან, საძოვარი პოვოს. რომელ არიან ჳმენოს და ფილიტოს,
18 ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს. 18 რომელნი-იგი ჭეშმარიტებასა განუდგეს, იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ აწვე იყოო, და გარდააქცევენ რომელთამე სარწმუნოებასა.
19 მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“. 19 ხოლო მტკიცე იგი საფუძველი ღმრთისაჲ ჰგიეს და აქუს ბეჭედი ესე: „იცნის უფალმან, რომელნი-იგი არიან მისნი“ და: „განეშორენ სიცრუისაგან ყოველი, რომელი სახელ-სდებდეს სახელსა უფლისასა“.
20 დიდ სახლში ჭურჭელი არა მარტო ოქრო-ვერცხლისაა, არამედ ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ, ზოგი კი უპატიოდ სახმარი. 20 სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ, არამედ ძელისაჲცა და კეცისაჲცა, რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ.
21 ვინც ყოველივე ამისაგან განიწმენდს თავს, საპატიო ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, უფლისთვის სასურველი, ყოველი კეთილი საქმისთვის გამზადებული. 21 უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ამათგან, იყოს იგი ჭურ პატიოსან, წმიდა და საჴმარ უფლისა, ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა განმზადებულ.
22 ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს. 22 ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა.
23 ბრიყვულსა და უგუნურ დავას ერიდე: იცოდე, რომ ეს იწვევს სიტყვიერ ბრძოლებს. 23 ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვნიან ლალვანი.
24 უფლის მონას კი არ შეშვენის. სიტყვით ბრძოლა, არამედ ალერსიანი უნდა იყოს ყველას მიმართ, დამმოძღვრავი, შემწყნარებელი; 24 ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ, არამედ რაჲთა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო,
25 თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად. 25 მშჳდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა,
26 რათა თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, რომელმაც თავისი ნებით შეიპყრო ისინი. 26 და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა.