ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. |
1 | და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ, |
2 | მუცლად ეღო და კიოდა მშობიარობის კივილით გაწამებული. | 2 | და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად. |
3 | სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. | 3 | და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა: და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შჳდნი გჳრგჳნნი. |
4 | კუდით მოითრევდა ცის ვარსკვლავთა მესამედს, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. | 4 | და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი. |
5 | და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი: და ატაცებულ იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. | 5 | და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა. |
6 | ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე. | 6 | და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე. |
7 | და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. | 7 | და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ. |
8 | მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. | 8 | და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. |
9 | და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები. | 9 | და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს. |
10 |
მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. |
10 | და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე. |
11 | იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. | 11 | და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. |
12 | მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი. | 12 | ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას. |
13 | და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. | 13 | და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული. |
14 | მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში, თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. | 14 | და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის. |
15 | მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. | 15 | და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან. |
16 | მაგრამ მიწა შეეწია ქალს: განახვნა ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან. | 16 | და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით. |
17 | მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა. | 17 | და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი. |