ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

1 და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი.
2 მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 2 და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი.
3 ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. 3 და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს.
4 და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? 4 და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა?
5 მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 5 და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე.
6 და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 6 და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ.
7 და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 7 და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა.
8 და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 8 და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა.
9 ვისაც ყური აქვს, ისმინოს. 9 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ.
10

ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.

10 რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ.
11 მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 11 და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი.
12 ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. 12 და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა.
13 და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. 13 და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა.
14 და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. 14 და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან.
15 და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. 15 და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ.
16 და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. 16 და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა.
17 ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. 17 და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ.
18 აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი. 18 აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.