ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა. |
1 |
და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა. |
2 | და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე. | 2 | და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. |
3 | და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით. | 3 | და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან. |
4 | ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი; ესენი არიან, რომელნიც მისდევენ კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს იგი; ესენი არიან კაცთა შორის გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის. | 4 | ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის; ესენი იესუჲს მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა. |
5 | მათი ბაგენი არ იცნობენ სიცრუეს, რადგანაც უბიწონი არიან. | 5 | და არა იპოვა პირსა მათსა ტყუვილი, რამეთუ უბიწო არიან წინაშე საყდრისა ღმრთისაჲსა. |
6 | და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის. | 6 | და ვიხილე ანგელოზი მფრინვალე შორის ცისა და ქუეყანისა, და აქუნდა სახარებაჲ საუკუნოჲ ხარებად მკჳდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა, და ენათა და წარმართთა. |
7 | და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი. | 7 | იტყოდა ჴმითა დიდითა: გეშინოდენ უფლისა და მიეცით მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ჟამი სასჯელისა მისისაჲ, და თაყუანის-ეცით მას, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და ზღუაჲ და წყარონი წყალთანი. |
8 | მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა. | 8 | და სხუაჲ, მეორე ანგელოზი შეუდგა მას და იტყოდა: დაეცა, დაეცა ბაბილონი იგი დიდი, რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა. |
9 | მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, | 9 | და სხუაჲ ანგელოზი მესამე შეუდგა მას და იტყოდა ჴმითა დიდითა: რომელმანცა თაყუანის-სცეს მჴეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბლსა მისსა, ანუ ჴელსა მისსა, |
10 | ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. | 10 | მანცა სუას ღჳნისა მისგან გულისწყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა. |
11 |
კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ. |
11 |
და კუამლი ტანჯვისა მისისაჲ უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსუენებაჲ დღე და ღამე, რომელთაცა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაჲ. |
12 | აქ არის წმიდათა მოთმინება, რომელნიც იმარხავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას. | 12 | აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაჲ იესუჲსი. |
13 | და მომესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდან. დიახ, - ამბობს სული, - რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან და თან წაიტანონ თავიანთი საქმენი. | 13 | და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა, ვითარმედ: დაწერე: ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა. |
14 | გავიხედე და, აჰა, თეთრი ღრუბელი, ღრუბელზე კი მჯდომარე, კაცის ძის მსგავსი: თავს ედგა ოქროს გვირგვინი და ხელთ ეპყრა მჭრელი ნამგალი. | 14 | და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარე, მსგავსი ძისა კაცისაჲ. და აქუნდა თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნი ოქროჲსაჲ და ჴელთა მისთა მანგალი აღლესული. |
15 | გამოვიდა მეორე ანგელოზი ტაძრიდან და შეღაღადა ღრუბელზე მჯდომს: მიუშვი შენი ნამგალი და მომკე, რადგანაც მოვიდა მკის ჟამი და მოიწია სამკალი ქვეყნად. | 15 | და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაჲ, და განჴმა სამკალი იგი ქუეყანისაჲ. |
16 | ღრუბელზე მჯდომმა დაუშვა თავისი ნამგალი ქვეყნად და მომკა ქვეყანა. | 16 | და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ. |
17 | სხვა ანგელოზი გამოვიდა ციური ტაძრიდან და ჰქონდა მასაც მჭრელი ნამგალი. | 17 | და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი მახჳლი. |
18 | გამოვიდა საკურთხევლიდან სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა ხელმწიფება ცეცხლზე და ხმამაღლა შესძახა მჭრელი ნამგლის მქონეს: მიუშვი ეგ მჭრელი ნამგალი და მოისთვლე მტევნები, რადგანაც დამწიფდა ყურძენი ქვეყნად. | 18 | და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა ზედა და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა, რომელსა-იგი აქუნდა მანგალი მახჳლი, ვითარმედ: მიყავ მანგალი ეგე მახჳლი და მოისთულენ ტევანნი იგი ვენაჴისა მის ქუეყანისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ. |
19 | დაუშვა ანგელოზმა ნამგალი ქვეყნად და მოისთვლა მტევნები ქვეყნისა და ჩაყარა ისინი ღვთის რისხვის ვეება საწნახელში. | 19 | და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თჳსი ქუეყანად და მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და შთადვა საწნეხელსა მას გულისწყრომისა ღმრთისა დიდისასა. |
20 | დაიწურა საწნახელი ქალაქგარეთ და წარმოსდინდა სისხლი საწნახელს, აღვირამდე რომ სწვდებოდა ცხენებს, ათას ექვსასი უტევანის მანძილზე. | 20 | და დაიწნიხა საწნეხელი იგი გარეშე ქალაქისა, და გამოჴდა სისხლი საწნეხელისა მისგან ვიდრე აღვირადმდე ცხენთა ათას ექუსასით უტევანით შორს. |