ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;

1 და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა,
2 რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა. 2 რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა.
3 და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. 3 და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
4 ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. 4 და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა.
5 და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. 5 და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ.
6 და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება. 6 და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა.
7 მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა. 7 და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
8 მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. 8 მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს.
9 აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე, 9 აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის.
10

რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.

10

და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ.

11 ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის. 11 და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს.
12 ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. 12 და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა.
13 ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს. 13 ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ.
14 ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. 14 ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.
15 კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი. 15 და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი.
16 ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. 16 და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა.
17 რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა. 17 რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი.
18 ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე. 18 და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.