ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით. |
1 |
შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. |
2 | შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა. | 2 | და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი, და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა, და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა, და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა, |
3 | რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით. | 3 | რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა; და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს. |
4 | და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით. | 4 | და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა, და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ. |
5 | რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი. | 5 | რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა ღმერთმან უსჯულოებანი მისნი. |
6 | მიაგეთ მას, როგორც მან მოგაგოთ და, მისი საქმისამებრ, ორმაგადაც მიაგეთ; სასმისით, რომლითაც გასმევდათ, ორმაგად ასვით მას. | 6 | მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი. |
7 | რამდენადაც მოჰქონდა თავი დიდებით და ფუფუნებით, იმდენადვე მიაგეთ ტანჯვა-ვაება; რადგანაც გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი როდი ვარ, და არ ვიხილავ გლოვას. | 7 | ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო. |
8 | ამიტომაც მოვლენ ერთ დღეს მისი წყლულებანი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვის ცეცხლით, რადგანაც ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას. | 8 | ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი. |
9 | იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო ქვეყნის მეფენი, რომელნიც სიძვით და ფუფუნებით ცხოვრობდნენ მასთან, როდესაც იხილავენ მისი ხანძრის კვამლს. | 9 | და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა. |
10 | და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა. | 10 | შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილოვნო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა საშჯელი შენი. |
11 | ქვეყნის ვაჭარნი იტირებენ და ივაგლახებენ მის გამო, რადგანაც აღარავინ იყიდის მათ საქონელს, | 11 | და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს. |
12 | ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებს და მარგალიტს, ბისონს და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ნაირგვარ ნაკეთობას, ძვირფასი ხის, რვალის, რკინისა თუ მარმარილოს ათასგვარ ჭურჭელს, | 12 | არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ, და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და მარმარილოჲსა |
13 |
დარიჩინსა და საკმეველს, გუნდრუკს და მირონს, ღვინოს და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ცხვარსა და ძროხას, ცხენებს და ეტლებს, კაცთა ხორცსა და სულს. |
13 |
და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი. |
14 | შენი სულის სასურველი ხილი გაგშორდა, ყოველივე ბრწყინვალე და პოხიერი ხელიდან გამოგეცალა, და ვეღარასდროს იპოვი მათ. | 14 | და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარჴდა შენგან, და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი. |
15 | ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ. | 15 | ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ |
16 | და იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, პორფირითა და ძოწეულით მოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო. | 16 | და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა, და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა! |
17 | რადგანაც ერთ საათში იავარ-იქნა ესოდენ დიდი სიმდიდრე. და ყოველი მესაჭე, მეხომალდე თუ მენავე შორს დადგა; | 17 | რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე. და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი, და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს. |
18 | და მისი ხანძრის შემყურეთ შებღავლეს და თქვეს: რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს? | 18 | და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?! |
19 | თავზე ნაცარი წაიყარეს და ტირილითა და გლოვით ამბობდნენ: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობითაც დამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაში: რადგანაც ერთ საათში აოხრდა. | 19 | და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა. |
20 | ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას. | 20 | იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან. |
21 | ერთმა მძლეთა-მძლე ანგელოზმა აიღო ქვა, ვეება დოლაბის მსგავსი, ზღვაში ჩააგდო და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება. | 21 | და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონ, ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოოს. |
22 | მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში. | 22 | და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ, და მესტჳრეთაჲ, და მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა ჴელოვნებისაჲ არღარა იპოოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის. |
23 | აღარც სანთლის ნათელი ინათებს შენში და მეფე-დედოფლის ხმა ჩაკვდება შენში, რადგანაც შენი ვაჭრები დედამიწის მთავრები იყვნენ და შენი გრძნეულებით ცთუნებულ იქნა ყოველი ხალხი. | 23 | და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი. |
24 | და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი. | 24 | და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა. |