ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც უპყრია მარჯვენაში შვიდი ვარსკვლავი და იარება ოქროს შვიდ სასანთლეს შორის.

1

ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა:

2 ვიცი შენი საქმენი, შრომა თუ მოთმინება შენი, და ისიც, რომ არ შეგიძლია აიტანო უკეთურნი, და გამოსცადე ისინი, მოციქულებად რომ მოაქვთ თავი, მაგრამ მოციქულები კი არ არიან, და ჰპოვე ისინი მტყუარნი. 2 ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ.
3 მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის, მაგრამ არ დაქანცულხარ. 3 და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ.
4 თუმცა შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ დაუტევე შენი პირველი სიყვარული. 4 არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.
5 მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, მოინანიე და უწინდელ საქმეებს მიჰყავი ხელი. არადა, მალე მოვალ შენთან და ადგილიდან დავძრავ შენს სასანთლეს, თუკი არ მოინანიებ. 5 მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო.
6 მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმენი, რომელნიც მეცა მძულს. 6 არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.
7 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში. 7 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.
8

ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:

8 და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა:
9 ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, - თუმცაღა მდიდარი ხარ, - და გმობა მათგან, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა. 9 ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ.
10

ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.

10 ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.
11 ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან. 11 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.
12 ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე: 12 და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:
13 ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი. 13 ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს.
14 მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ მცირეოდენი, რადგანაც გყავს მანდ ზოგიერთნი, ბალაამის მოძღვრების მიმდევარნი, ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს, საცდური დაედო ისრაელის ძეთა წინაშე, რათა ეჭამათ კერპთათვის შენაწირი და ემრუშათ. 14 არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად.
15

ასევე, შენც გყავს ნიკოლაელთა მოძღვრების მიმდევარნი, რომელნიც მე მძულს.

15 ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ.
16 მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით. 16 შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳილითა პირისა ჩემისაჲთა.
17 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას, მივცემ მას თეთრ ქვასაც და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, მიმღების გარდა. 17 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.
18 ხოლო თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ძე ღვთისა, ვისაც აქვს თვალნი, როგორც ცეცხლის ალი, ფეხები კი მიუგავს ელვარე რვალს: 18 და ანგელოზსა თჳატირისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძე ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა.
19 ვიცი შენი საქმენი, სიყვარული და რწმენა, მსახურება და მოთმინება შენი, და რომ შენი უკანასკნელი საქმენი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი. 19 ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა.
20 მაგრამ მაქვს შენს წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ. 20 არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა.
21 მივეცი დრო, რომ მოენანიებინა თავისი სიძვა, მაგრამ არ ინება სინანული. 21 და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა.
22 აჰა, დავამხობ მას სარეცელზე და მასთან ერთად მსიძავთაც შავ დღეს დავაყრი, თუკი არ მოინანიებენ თავიანთ საქმეს. 22 აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა.
23 სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს. 23 და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თითოეულსა საქმეთა თქუენთაებრ.
24 ხოლო თქვენ და დანარჩენთაც, ვინც კია თიატირაში, მაგრამ არ აღიარებენ ამ მოძღვრებას და, როგორც თვითონ ამბობენ, ვერ უცვნიათ სატანის სიღრმე, - გეტყვით, რომ აღარ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს, 24 ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თჳატირას შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმე.
25 მხოლოდ რაცა გაქვთ, ეგ იტვირთეთ ჩემს მოსვლამდე. 25 არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.
26 ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეს, მივცემ მას ხელმწიფებას წარმართებზე მბრძანებლობისას; 26 და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა,
27 რკინის კვერთხით დამწყემსავს მათ და თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან, როგორც მე მივიღე ხელმწიფება მამაჩემისგან. 27 და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.
28 და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს. 28 და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ.
29 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. 29 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.