ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი ოცდამეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.

1

და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა.

2 მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს. 2 შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.
3 აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას. 3 და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას.
4 იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი. 4 და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა.
5 ღამე აღარ იქნება იქ, ასე რომ, აღარც სანთელი დასჭირდებათ და არც მზის ნათელი, რადგანაც ღმერთი გაანათლებს მათ, და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე. 5 და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.
6 და მითხრა: ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტი. წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა უჩვენოს მონებს თვისას, რაც უნდა მოხდეს მალე. 6 და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე.
7 აჰა, მოვალ მალე. ნეტარია, ვინც ინახავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს. 7 და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.
8 მე, იოანემ, ვიხილე და ვისმინე ეს, და როცა ვიხილე და ვისმინე, დავემხე ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა. 8 და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ.
9 მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი. 9 და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა, და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც.
10 კვლავ მითხრა მე: ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგანაც ახლოა ჟამი. 10 და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს.
11 უსამართლო კვლავ უსამართლობდეს, ბილწი კვლავინდებურად ბილწობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავაც წმიდობდეს. 11 უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ.
12

აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.

12

და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს.

13 მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული. 13 მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული.
14 ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ სამოსს, რათა ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხის მიმართ, რომ ბჭით შევიდნენ ქალაქში. 14 ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად.
15 ხოლო გარეთ ძაღლები და გრძნეულნი, მეძავნი და მკვლელნი, კერპთმსახურნი და სიცრუის მოყვარენი და მოქმედნი დგანან. 15 გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ.
16 მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი. 16 მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ.
17 სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. 17 და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ.
18 ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომლებიც წერია ამ წიგნში. 18 ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
19 ხოლო თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ჩაწერილია ამ წიგნში. 19 და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
20 ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო! 20 იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!
21 ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. 21 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ.