ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს, ვისაც აქვს შვიდი სული ღვთისა და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი: სახელი ისეთი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, და მკვდარი კი ხარ.

1 და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.
2 იფხიზლე და განამტკიცე დანარჩენი, რაც უახლოვდება სიკვდილს, რადგანაც ვერ ვნახე, რომ შენი საქმენი გასრულებულიყვნენ ჩემი ღვთის წინაშე. 2 იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.
3 გახსოვდეს, რაც მიგიღია და მოგსმენია, დაიცავი და მოინანიე; ხოლო თუ არ იფხიზლებ, მოვალ შენთან, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ. 3 იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა.
4 თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ შეუბილწავთ თავიანთი სამოსი; და სისპეტაკით მოსილნი ივლიან ჩემთან, ვინაიდან ღირსნი არიან. 4 არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიეს სამოსლები მათი, და ვიდოდიან იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან.
5 მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის, არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე. 5 რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი და არა აღვჴოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაჲსა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.
6 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. 6 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
7 ხოლო ფილადელფიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა და ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, დახშავს და ვერავინ აღებს: 7 და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი.
8 ვიცი შენი საქმენი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი და ვერავინ შესძლებს მის დახშვას. მცირე გაქვს ძალა, მაგრამ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავ ჩემი სახელი. 8 ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.
9 აჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე. 9 აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.
10 რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად. 10 რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა.
11 აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი. 11 აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი.
12

მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.

12 რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი.
13 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. 13 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
14 ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა. 14 და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ:
15 ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. 15 ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
16 მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან. 16 არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.
17 რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. 17 რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.
18 გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო. 18 განგაზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქროჲ გამოჴურვებული ცეცხლითა, რაჲთა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაჲთა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხჳლი სიშიშულისა შენისაჲ და საოლავი, რაჲთა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე.
19 ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე. 19 მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე.
20 აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ვივახშმებ, ხოლო ის - ჩემთან. 20 აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა.
21 მძლეველს გვერდით მოვისვამ ჩემს ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და ჩემს მამასთან დავჯექი მის ტახტზე. 21 რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა,
22 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. 22 რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.