ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რადგანაც რჯული, მომავალ სიკეთეთა მხოლოდ ჩრდილის და არა თვით ნამდვილ საგანთა მქონე, ერთი და იმავე მსხვერპლით, გამუდმებით რომ სწირავენ ყოველწლიურად, ვერასოდეს ვერ შესძლებს სრულყოს მასთან მიმსვლელნი. |
1 | რამეთუ აჩრდილი აქუნდა შჯულსა მერმეთა მათ კეთილთაჲ, არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად. |
2 | ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა. | 2 | უკუეთუმცა [არა], არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაჲთგან არცა ერთიღა-მცა რაჲ იჭჳ აქუნდა ცოდვათაჲ შემწირველთა მათ ერთ-გზის განწმედილთა, |
3 | მაგრამ მსხვერპლშეწირვა ყოველწლიურად იწვევს ცოდვათა გახსენებას. | 3 | არამედ მათ შინა კუალად მოჴსენებაჲ ცოდვათაჲ წლითი წლად, |
4 | რადგანაც შეუძლებელია ცოდვათა წარხოცა კაცთა და ხართა სისხლით. | 4 | რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაჲ აჴოცად ცოდვათა. |
5 | ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: „მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. | 5 | ამისთჳს შემო-რაჲ-ვალს სოფლად, იტყჳს: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე. |
6 | სრულდასაწველრ და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე. | 6 | საკუერთხი ცოდვათათჳს არა ინებე. |
7 | მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ (როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე), რათა აღვასრუღთ შენი ნება, ღმერთო“. | 7 | მაშინ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს ყოფად, ღმერთო ჩემო, ნებისა შენისა. |
8 | ზემოთ რომ ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი, სრულდასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო, | 8 | ზემო კერძო იტყჳს, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი, და ცოდვათათჳს არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად შჯულისა შეიწირვიან, |
9 | შემდეგ დასძენს: აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება, ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. | 9 | მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, აიღებს პირველსა მას, რაჲთა მეორე იგი დაამტკიცოს. |
10 | სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. | 10 | რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მით, ჴორცითა იესუ ქრისტესითა ერთ-გზის. |
11 | რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენგზის სწირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. | 11 | და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღე მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალ-გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა. |
12 | მან კი ერთადერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. | 12 | ხოლო თავადმან ერთ-გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა |
13 | მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხქვეშ. | 13 | და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა. |
14 |
რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი. |
14 | რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთჳს, |
15 | ამასვე გვიმოწმებს სული წმიდაც, რადგანაც ნათქვამია: | 15 | ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაჲცა, რამეთუ შემდგომად სიტყჳსა მის, |
16 | „ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ. | 16 | ვითარმედ: ესე არს აღთქუმაჲ ჩემი, რომელი აღვთქუა მათა მიმართ შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი, მივსცენ შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი |
17 | აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“. | 17 | და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე. |
18 | ხოლო იქ, სადაც ცოდვათა მიტევებაა, შესაწირავი ზედმეტი ხდება. | 18 | ხოლო სადა ამათი მოტევებაჲ არს, არღარა ჴამს მსხუერპლი ცოდვათათჳს. |
19 | ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით, | 19 | გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაჲ შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესუჲსითა, |
20 | ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა მან ფარდით, ესე იგი თავისი ხორცით, | 20 | რომელ-იგი განგჳახლა ჩუენ გზაჲ ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი არს ჴორცითა მისთაჲთა, |
21 | და გვყავს მღვდელმთავარი ღვთის სახლში, | 21 | და მღდელთმოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა, |
22 | მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი, | 22 | მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა, სხურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა |
23 | მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი. | 23 | და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ მოუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს, რომელმან-იგი აღმითქუა. |
24 | ყურადღებას ნუ მოვაკლებთ ერთიმეორეს, რათა სიყვარულისა და კეთილ საქმეთათვის წავაქეზოთ ერთმანეთი. | 24 | და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა. |
25 | ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას. | 25 | ნუ დაუტევებთ შესაკრებელსა თჳსსა, ვითარცა-იგი ჩუეულებაჲ არს ვიეთიმე, არამედ ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროჲს, რაოდენ-ესე ხედავთ მოახლებულსა ამას დღესა. |
26 | რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის. | 26 | რამეთუ ნეფსით შეცოდებათა ჩუენთათჳს, შემდგომად მოღებისა მის ცნობისა ჭეშმარიტებისა, არღარა ცოდვათათჳს მოაკლდების მსხუერპლი, |
27 |
არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი. |
27 | არამედ საშინელი რაჲმე მოლოდებაჲ საშჯელისაჲ და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა მათ. |
28 | თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, | 28 | უკუეთუ ვინმე შეურაცხ-ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების. |
29 | როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს? | 29 | რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა-ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა? |
30 | რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“. | 30 | რამეთუ ვიცით, რომელმან-იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. და კუალად იტყჳს, რამეთუ: განიკითხოს უფალმან ერი თჳსი. |
31 | მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში! | 31 | საშინელ არს შევრდომაჲ ჴელთა ღმრთისა ცხოველისათა. |
32 | გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი; | 32 | მოიჴსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ-იღეთ და მრავალი ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაჲ, |
33 | როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ. | 33 | ესე არს, ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლის სახილველ იქმნენით და ესე, რამეთუ ეზიარენით მათ, რომელნი-იგი მათ შინა იქცეოდეს; |
34 | ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში. | 34 | და რამეთუ კრულებათა მათ ჩემთათჳს გელმოდა, და იავარის-ყოფაჲ იგი მონაგებთა თქუენთაჲ სიხარულით შეიწყნარეთ; უწყით, რამეთუ გაქუს თავისა თქუენისა საუნჯე უმჯობესი, ცათა შინა დადგრომილი. |
35 | მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. | 35 | ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის მოგებაჲ. |
36 | მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. | 36 | რამეთუ მოთმინებაჲ გიჴმს თქუენ, რაჲთა ნებაჲ ღმრთისაჲ ჰყოთ და მოიღოთ აღნათქუემი იგი. |
37 | ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი. | 37 | რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს. |
38 | მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული. | 38 | ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხონდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს სულსა ჩემსა მას შინა. |
39 | მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად. | 39 | ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნოებისანი შესაწევნელად სულისა. |