ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.

1 ხოლო არს სარწმუნოებაჲ მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არა-ხილულთა,
2 რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ. 2 რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი.
3 რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს. 3 სარწმუნოებით გჳცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყჳთა ღმრთისაჲთა, არა-საჩინოჲსაგან ხილულად შექმნულად.
4 რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს. 4 სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისა, რომლისაგან იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაჲთა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და ამისთჳს მო-ღათუ-კუდა, მერმე იტყჳსვე-ღა.
5 რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს. 5 სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაჲთა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან. რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან.
6 რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ. 6 ხოლო თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაჲ; რამეთუ სარწმუნოებაჲ უღირს რომელი მოუჴდების ღმერთსა, რამეთუ არს, და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის მიმცემელ ექმნების.
7 რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე. 7 სარწმუნოებით ბრძანებაჲ მოიღო ნოვე არღასადა ხილულთა მათთჳს, შეეშინა და ქმნა კიდობანი საცხორებელად სახლისა თჳსისა, რომლითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნოებითა მით სიმართლისაჲთა იქმნა იგი მკჳდრ.
8 რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა. 8 სარწმუნოებით იწოდა რაჲ აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად იყო მისა სამკჳდრებელად; და გამოვიდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა.
9 რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. 9 სარწმუნოებით მწირობდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა მკჳდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკჳდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა;
10 ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი. 10 რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს.
11

რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.

11 სარწმუნოებით იგიცა სარრა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მიიღო შესაწყნარებელად თესლისა და ჟამთა გარდასრულმან შვა, რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელმან-იგი აღუთქუა მას.
12 ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას. 12 ვინაჲცა ერთისაგან იშვნეს და ესე მკუდრისა მისგან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ ურიცხჳ.
13 რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად. 13 სარწმუნობით მოსწყდეს ესე ყოველნი და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი ქუყანასა ზედა.
14 რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. 14 რამეთუ რომელნი-იგი ესევითარსა იტყჳედ, გამოაჩინებენ, ვითარმედ მამულსა ეძიებენ.
15 ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას. 15 და თუმცა მას მოიჴსენებედეს, ვინაჲ-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მიქცევისაჲ.
16 მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ. 16 ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყჳს, ესე იგი არს ზეცისასა; ამისთჳსცა არა სირცხჳლ-უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ ქალაქი.
17 რწმენით შესწირა აბრაამმა, გამოცდის ჟამს, ისააკი; აღთქმა რომ ჰქონდა მიღებუღი, მიტომაც შესწირა მხოლოდშობილი, 17 სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო,
18 რომელზედაც ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი მოდგმა“. 18 რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.
19 რადგანაც სწამდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს. ამიტომაც იყო, რომ შეწირული უკანვე მიიღო, როგორც ნიმუში. 19 ესრეთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი, რომლისათჳსცა იგავით მოიყვანა იგი.
20 რწმენით აკურთხა ისააკმა იაკობი და ესავი მომავლისათვის. 20 სარწმუნოებით მერმეთა მათთჳს ისაკმან აკურთხა იაკობი და ესავი.
21

რწმენით აკურთხა სათითაოდ მომაკვდავმა იაკობმა იოსების ძენი, და თავის კვერთხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.

21 სარწმუნოებით იაკობმან, მო-რაჲ-კუდებოდა, თჳთოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.
22 რწმენით მოიხსენია იოსებმა აღსასრულისას ისრაელის ძეთა გამოსვლა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების თაობაზე. 22 სარწმუნოებით იოსებ, აღ-რაჲ-ესრულებოდა, გამოსლვისათჳს ძეთა ისრაჱლისათა მოიჴსენა და ძუალთა თჳსთათჳს ამცნო.
23 რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის განმავლობაში, რადგანაც ხედავდნენ ყრმის სიკეთეს და არ შეუშინდნენ მეფის ბრძანებას. 23 სარწმუნოებით მოსე, იშვა რაჲ, დამალეს სამ თუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ იხილეს მკჳრცხლ ყრმაჲ იგი, და არა შეიშინეს ბრძანებისა მისგან მეფისა.
24 რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, 24 სარწმუნოებით მოსე, გან-რაჲ-მწჳსნა, უარ-ყო სახელის-დებად შვილად ასულისა ფარაოჲსა,
25 და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას. 25 უფროჲსღა გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს მას საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ;
26 ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს. 26 უფროჲსად სიმდიდრედ შეჰრაცხა ეგჳპტისა საფასეთა ყუედრებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ჰხედვიდა იგი სასყიდლის კუალად-გებასა.
27 რწმენით დატოვა ეგვიპტე და არ შეუშინდა მეფის რისხვას, რადგანაც მტკიცე იყო, როგორც მხილველი უხილავისა. 27 სარწმუნოებით დაუტევა ეგჳპტე და არა შეიშინა გულის წყრომისა მისგან მეფისა, რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა.
28 რწმენით აღასრულა პასექი და სისხლის პკურება, რათა პირმშოთა მომსრველს ხელი ვერ ეხლო მათ პირმშოთათვის. 28 სარწმუნოებით ყო ზატიკი იგი და პკურებაჲ იგი სისხლისაჲ, რაჲთა არა მომსრველი იგი პირმშოთაჲ შეეხოს მათ.
29 რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ. 29 სარწმუნოებით წიაღჴდეს ზღუასა მას მეწამულსა, ვითარცა ჴმელსა ქუეყანასა, რომელსა-იგი აზმნეს მეგჳპტელთა და დაინთქნეს.
30 რწმენით დაემხო იერიხონის გალავანი შვიდდღიანი ალყის შედეგად. 30 სარწმუნოებით ზღუდენი იერიქოჲსანი დაეცნეს გარე-მოდგომითა შჳდ დღე.
31

რწმენით იყო, რომ ურჩებთან ერთად არ დაიღუპა მეძავი რააბი, რომელმაც მშვიდთბით მიიღო მსტოვარნი.

31 სარწმუნოებით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი მშჳდობით.
32 მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად, 32 და რაჲღა-მე ვთქუა? რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად გედეონისთჳს, ბარაკისთჳს და სამფსონისთჳს და რეფთაჲსთჳს, დავითისთჳს და სამოელისთჳს და წინაწარმეტყუელთა,
33 რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;
34 შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.
35 ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.
36 სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი. 36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;
37 იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,
38 უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.
39 ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,
40 რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი. 40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.