ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ძმური სიყვარული ეგოს.

1

ძმათ მოყუარებაჲ ეგენ.

2 სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთს ისე გაუწევია მასპინძლობა ანგელოზებისთვის, რომ თვითონ არც კი სცოდნია. 2 სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს.
3 გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს მათთან ერთად გედოთ ბორკილები და იტანჯებოდეთ, რადგან თვითონაც ხორციელნი ხართ. 3 მოიჴსენენით კრულებანი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძჳრ-ხილულნი იგი, რამეთუ თქუენცა ჴორცნივე გასხენ.
4 ყველას ცოლ-ქმრობა ღირსეული, სარეცელი კი უმწიკვლი იყოს; ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განიკითხავს. 4 პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და მემრუშენი საჯნეს ღმერთმან
5 ნუ იქნებით ვერცხლისმოყვარენი, დასჯერდით იმას, რაც გაბადიათ, რადგანაც თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“. 5 ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს; რამეთუ თავადმან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.
6 ასე რომ, თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?“ 6 ვინაჲცა საკადრებელ არს ჩუენდა თქუმად: უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?
7 გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 7 მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.
8 იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.
9 ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 9 მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა.
10 ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ.
11 რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 11 რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.
12 ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.
13 მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 13 აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ.
14

რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ.

14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.
15 ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 15 ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა.
16 ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს. 16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
17 დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ. 17

დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა.

18 ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ. 18 ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად.
19 უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ. 19 უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა.
20 ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, 20 ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე,
21 დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 21 დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
22 გთხოვთ, ძმანო, შეიწყნაროთ ეს სიტყვა შეგონებისა, თუმცაღა მოკლედ მოგწერეთ თქვენ. 22 ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, თავს-იდევით სიტყუაჲ ესე ვედრებისაჲ, დაღათუ მცირედ მივწერე თქუენდა.
23 იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, ერთად გეწვევით. 23 იცით ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი, რომელ მივავლინე, რომლისა თანა, ადრე თუ მოვიდეს, გიხილნე თქუენ.
24 მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღვარი და ყველა წმიდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელნი. 24 კითხვაჲ არქუთ ყოველთა წინამძღუართა თქუენთა და ყოველთა წმიდათა. გიკითხვენ თქუენ, რომელნი-იგი არიან იტალიაჲთ.
25 მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. 25 მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.