ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ.

1

ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა მოუძლურდეთ.

2 ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, 2 რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაჲ, იქმნა მტკიცე და ყოველმან შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი კუალად-გებისაჲ,
3 ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში, 3 ვითარ-მე ჩუენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ ცხორებაჲ, რომელმან-იგი დასაბამი მოიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა,
4 ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ? 4 თანა-მოწამებითა ღმრთისაჲთა, სასწაულებითა და ნიშებითა და ფერად-ფერადითა ძალითა და სულისა წმიდისა განყოფითა ნებისაებრ მისისა?
5 რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ. 5 რამეთუ არა ანგელოზთა დაამორჩილა მერმე იგი სოფელი, რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ.
6 არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას? 6 ხოლო უწამებიეს სადამე ვისმე და იტყჳს: რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე იგი? ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედე მას?
7 ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ 7 დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა შენთა; დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი,
8 და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს; 8 ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. რამეთუ დამორჩილებასა მას ყოვლისასა არარაჲ დაუშთა მისა დაუმორჩილებელად. ხოლო აწ არღა ვხედავთ ყოველსავე დასამორჩილებელად.
9 არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო. 9 ხოლო მცირედ რაჲმე ანგელოზთა დაკლებულად ვხედავთ იესუს ვნებითა მით სიკუდილისაჲთა და დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანსა, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა ყოვლისავეთჳს იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ.
10 და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით. 10 რამეთუ შე-ვე მისა-ჰგვანდა მისა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი, რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხორებისა ჩუენისაჲ ვნებითა სრულ ყოფად.
11 ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, 11 რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს:
12 და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 12 მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ.
13 ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 13 და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
14 და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 14 რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი,
15 და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. 15 და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა.
16 რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას. 16 რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო.
17 ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. 17 ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა.
18 ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს. 18 რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.