ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს, |
1 | ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე, |
2 | რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში. | 2 | რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა. |
3 | ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს. | 3 | რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროჲს მოსესსა, ვითარცა-იგი უფროჲსი პატივი აქუნ სახლისაჲ მის მაშენებელსა მას მისსა. |
4 | რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი კი ღმერთია. | 4 | რამეთუ ყოველი სახლი აღეშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან ყოველივე აღაშენა, ღმერთი არს. |
5 | მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო, | 5 | და მოსეცა სარწმუნო იყო ყოველსავე სახლსა მისსა, ვითარცა მსახური მოწამედ თქმულთა მათ. |
6 | ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს. | 6 | ხოლო ქრისტე, - ვითარცა ძე სახლსა ზედა მისსა; რომლისა სახლ ვართ ჩუენ, უკუეთუ კადნიერებაჲ იგი და სიქადული სასოებისაჲ მის ვიდრე აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ. |
7 | ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, | 7 | ამისთჳს, ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ, დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, |
8 | ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს, | 8 | ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ გამოცდისა უდაბნოსა ზედა, |
9 | სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. | 9 | სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი ორმეოც წელ. |
10 | ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს ჩემი გზა. | 10 | ამისთჳს მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი. |
11 | ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“. | 11 | ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა. |
12 |
იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. |
12 | ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენთაგანსა თანა გული უკეთური ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა. |
13 | არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით. | 13 | არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თჳსთა დღითი დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქჳან, რაჲთა არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაჲთა. |
14 | რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ. | 14 | რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაჲ აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ. |
15 | ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას“. | 15 | რაჟამს იტყოდის: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას. |
16 | ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან. | 16 | რამეთუ ესმა ვიეთმე და განამწარეს, არამედ არა ყოველთა, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით მოსეს მიერ. |
17 | მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაცვივდნენ? | 17 | ხოლო ვიეთი მოიწყინა ორმეოც წელ? ანუ არა რომელთა-იგი შესცოდესა, რომელთაჲ-იგი ძუალები დაცჳვა უდაბნოსა ზედა? |
18 | ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ? | 18 | ანუ ვიეთ ეფუცა არა-შესლვად განსასუენებელსა მისსა? არა-მე ურჩთა მათ? |
19 | და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას. | 19 | და ვხედავთ, რამეთუ ვერ შეუძლეს შესლვად ურწმუნოებითა. |