ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მაშ, გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესვლისა, რომელიმე თქვენგანი გარეთ არ დარჩეს. |
1 |
გუეშინოდენ უკუე, ნუსადა, დატევებასა მას აღთქუმისასა შესლვად განსასუენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი დაკლებულად თავსა თჳსსა. |
2 | რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას. | 2 | და რამეთუ ვართ ჩუენ ხარებულ, ვითარცა-იგი იგინი; არამედ არარაჲ არგო მათ სიტყუამან მან სმენისამან, ვინაჲთგან არა თანა-შეეზავა სარწმუნებაჲ იგი მსმენელთა მათ. |
3 | სიმშვიდეში კი ჩვენ, მორწმუნენი შევალთ, როგორც მან ბრძანა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. თუმცაღა მისი საქმენი დასრულდნენ ჯერ კიდევ ქვეყნიერების დასაბამიდან. | 3 | ხოლო ჩუენ შევიდეთ განსასუენებელსა მას, მორწმუნენი ესე, ვითარცა-იგი თქუა: ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა; და დაღათუ საქმენი იგი დასაბამითგან სოფლისაჲთ ქმნულ იყვნეს. |
4 | ვინაიდან მეშვიდე დღეზე სადღაცა ასე თქმულა: „და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან“. | 4 | რამეთუ უთქუამს სადამე მეშჳდისა მისთჳს ესრეთ: და განისუენა ღმერთმან დღესა მას მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა. |
5 | და კიდევ: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში“. | 5 | და ამისა შემდგომად კუალად იტყჳს: ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა. |
6 | და რაკი ზოგს კვლავაც შეუძლია მასში შესვლა, ხოლო ისინი, ვისაც უწინ ეხარათ, ვერ შევიდნენ ურჩობის გამო, - | 6 | ვინაჲთგან უკუე და-ვიეთმე-აკლებს შესლვად მას შინა, და რომელნი-იგი წანაწარ ხარებულ იქმნეს, ვერ შევიდეს ურწმუნეობითა. |
7 | კვლავინდებურად აწესებს გარკვეულ დღეს, და დავითის პირით ამბობს - „დღესო“, ესოდენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, როგორც ზემოთ ითქვა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს“. | 7 | კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა. |
8 | ვინაიდან იესო ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ აღარას იტყოდა სხვა დღეზე. | 8 | რამეთუ უკუეთუმცა ისოს, ძესა ნავესსა, განესუენა მათდა, არამცა სხჳსა დღისათჳს ამისსა შემდგომად იტყოდა. |
9 | ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა. | 9 | და-სამე-აკლდების შაბათობაჲ იგი ერსა მას ღმრთისასა. |
10 | რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ. | 10 | რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან. |
11 | მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს. | 11 | ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს. |
12 | რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს. | 12 | რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა. |
13 | არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს. | 13 | და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი. |
14 | და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. | 14 | მივის ჩუენ მღდელთმოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესუ, ძე ღმრთისაჲ, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მისა მართლ. |
15 | რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. | 15 | რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღდელთმოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა. |
16 | მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის. | 16 | მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდართა მათ მადლისასა, რაჲთა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოოთ მადლი ჟამსა შეწევნისასა. |