ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის.

1

რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათჳს დადგის იგი ღმრთისა მიმართ, რაჲთა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხუერპლთა ცოდვათათჳს შენდობით.

2 მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით. 2 და სწორად წყალობად შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაჲთგან მასცა ზედა-აც უძლურებაჲ;
3 ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად. 3 და ამისთჳს თანა-აც ვითარცა ერისათჳს, ეგრეცა თავისა თჳსისათჳს შეწირვად მსხუერპლი ცოდვათათჳს.
4 თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად. 4 და არავინ თავით თჳსით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა-იგი აჰრონ.
5 ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 5 ეგრეთცა ქრისტე არა თავი თჳსი ადიდა ყოფად იგი მღდელთმოძღუარად, არამედ რომელი-იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ.
6 ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“, 6 ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა იტყჳს: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
7 რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო. 7 ვითარცა-იგი დღეთა მათ ჴორცთა მისთასა ვედრებასა და ლოცვასა შემძლებელისა მის მიმართ ჴსნად მისა სიკუდილისაგან ჴმითა მაღლითა და ცრემლითა შესწირვიდა, და შეისმინა მისი მოშიშებისა მისგან.
8 და თუმცა ძე იყო, ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება. 8 და რამეთუ ძეღა იყო, ისწავა, ვინაჲთგან იგი ივნო მორჩილებაჲ.
9 ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა. 9 და სრულ იქმნა და ექმნა ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ ცხორებისა საუკუნოჲსა;
10 და იწოდა ღვთის მიერ მღვდელმთავრად, წესისამებრ მელქისედეკისა. 10 და სახელ-ედვა ღმრთისა მიერ მღდელთმოძღუარ წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
11 ბევრი რამ შეგვეძლო გვეთქვა ამის თაობაზე, მაგრამ ძნელია განმარტება, ვინაიდან სმენის თავი აღარა გაქვთ. 11 რომლისათჳს მრავალ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად, ვინაჲთგან უძლურ იქმნენით სასმენელითა.
12 მართალია, დროის მიხედვით უკვე მოძღვრები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თვითონვე გჭირდებათ მოძღვარი, რათა ისწავლოთ ღვთის სიტყვის პირველსაწყისნი; ასე რომ, კვლავაც რძე გჭირდებათ და არა უხეში საჭმელი. 12 და რამეთუ თანა-გედვა, რაჲთამცა იყვენით მოძღუარ ჟამისა ამისგან; კუალად გიჴმს-ვე-ღა მოძღურებაჲ თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა; და იქმნენით მოქენე სიძისა და არა მტკიცისა საზრდელისა.
13 მაგრამ რძის ყოველი მსმელი გამოუცდელია სიმართლის სიტყვაში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვილია. 13 რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებნ სძესა, უმეცარ არს სიტყუასა მას სიმართლისასა, რამეთუ ჩჩჳლ არს.
14 უხეში საჭმელი კი მოწიფულთათვისაა განკუთვნილი, რომელთა გრძნობებიც საკმაოდ გაწვრთნილია ჩვევით, რათა კეთილისა და ბოროტის გარჩევა შესძლონ. 14 ხოლო სრულთაჲ არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.