ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,

1 ამისთჳს დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუათაჲ და სისრულისა მიმართ მოვიდეთ; ნუ კუალად საძირკუელსა დავსდებთ სინანულისასა მკუდართაგან საქმეთა და სარწმუნოებისა ღმრთისა მიმართ,
2 ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას. 2 ნათლის-ღებისა სწავლისა, დასხმისა ჴელთაჲსა და აღდგომისა მკუდართაჲსა და საშჯელისა მის საუკუნოჲსა.
3 ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა. 3 და ესე ვყოთ, უკუეთუ გჳბრძანოს ღმერთმან.
4 რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, 4 რამეთუ შეუძლებელ არს ერთ-გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოჲ ეხილვოს ნიჭთა მათ ზეცისათაჲ და ზიარ-ქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა
5 შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი, 5 და კეთილი გემოჲ ეხილვოს სიტყჳსა ღმრთისაჲ და ძალი იგი მერმისა მის საუკუნოჲსაჲ
6 მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ. 6 და დაცემულთა კუალად განახლებაჲ სინანულად, თანა-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა ღმრთისასა და განქიქებად.
7 რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას. 7 რამეთუ ქუეყანამან რომელმან სჳს მარავალ გზის მის ზედა მოსრული წჳმაჲ და გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთჳს, რომელთათჳსცა იქმნების, მიიღებს კურთხევასა ღმრთისა მიერ.
8 ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა. 8 ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროჲსთავი ურგები და წყევისა მახლოებლი, რომლისა უკუანაჲსკნელი დასაწუველად არნ.
9 თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი. 9 ხოლო ჩუენ გურწამს თქუენთჳს, საყუარელნო, უმჯობესი და მახლოებლი ცხორებისაჲ, ესრეთ ღათუ ვიტყჳთ.
10 რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ. 10 რამეთუ არა არს სიცრუე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაივიწყნა საქმენი თქუენნი და შრომაჲ სიყუარულისა თქუენისაჲ, რომელი აჩუენეთ სახელისა მისისათჳს, რამეთუ ჰმსახურებდით წმიდათა მათ და ჰმსახურებთცა.
11

მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.

11 გუსურის კაცად-კაცადისა თქუენისაჲ, რაჲთა მასვე აჩუენებდეთ მოსწრაფებასა გულსავსებისა მის მიმართ სასოებისა ვიდრე აღსასრულადმდე,
12 რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ. 12 რაჲთა არა მოჰმედგრდეთ, არამედ მობაძავ იყვნეთ მათდა, რომელთა-იგი სარწმუნეობითა და სულგრძელებითა დაიმკჳდრნეს აღთქუმანი.
13 რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა, 13 რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, რომელსამცა ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა;
14 და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“. 14 და თქუა, ვითარმედ: კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ.
15 და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა. 15 და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა.
16 ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული. 16 რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს.
17 ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს. 17 რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი,
18 რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს, 18 რაჲთა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა,
19 რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს, 19 რომელი ვითარცა ხარისხი გჳპყრიეს სულისაჲ კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა,
20 სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე. 20 სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.