ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
რადგანაც მელქისედეკი, მეფე სალემისა, უზენაესი ღმერთის მღვდელი, შეეგება აბრაამს, მეფეთა შემუსვრის შემდეგ შემოქცეულს, და აკურთხა იგი. |
1 | რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალემისაჲ, მღდელი ღმრთისა მაღლისაჲ, რომელი შეემთხჳა აბრაჰამს, მო-რაჲ-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაჲსა, და აკურთხა იგი, |
2 | ხოლო აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა მას, ვისი სახელიც, უწინარეს ყოვლისა, განიმარტება როგორც „სიმართლის მეფე“, შემდეგ კი - „მეფე სალემისა“, ანუ „მშვიდობის მეფე“. | 2 | რომელსაცა-იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე ითარგმანების „მეუფე სიმართლისაჲ“, და მერმე - „მეფე სალემისაჲ“, რომელ არს მეუფე მშჳდობისაჲ, |
3 | უდედმამო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაბამი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, არამედ, მსგავსად ღვთის ძისა, მღვდლად რჩება უკუნისამდე. | 3 | უმამო, უდედო, ნათესავ-მოუჴსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაჲ, არცა აღსასრული ცხორებისაჲ აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად სამარადისოდ. |
4 | მაშ, იხილეთ, რაოდენ დიდია ის, ვისაც მამამთავარმა აბრაამმა თავისი ნადავლის მეათედი უწილადა. | 4 | იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან მამათმთავარმან. |
5 | ლევის ძეთა შორის მღვდლობის მიმღებთ მცნებადა აქვთ, მეათედს კრეფდნენ ხალხისგან, ანუ თავიანთი ძმებისაგან, თუმცა ესენიც აბრაამის წიაღიდან არიან გამოსულნი. | 5 | და რომელნი-იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაჲ აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან მსგავსად რჩულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თჳსთა, და გამოსრულთა მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა. |
6 | იმან კი, ვინც არ არის მათი გვარისა, აბრაამისგან მიიღო მეათედი და აკურთხა აღთქმის მქონე. | 6 | ხოლო ნათესავ-მოუჴსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა, რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს. |
7 | ხოლო, ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ. | 7 | ხოლო თჳნიერ ყოვლისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევის. |
8 | აქ მეათედს იღებენ მოკვდავი კაცნი, იქ კი - ვისაც აქვს მოწმობა, რომ ცოცხალია. | 8 | და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს, ვითარმედ ცხოველ არს. |
9 | და, ასე ვთქვათ, ლევიმაც, რომელიც იღებს მეათედს, აბრაამის მეშვეობით გასცა მეათედი. | 9 | და, რაჲთა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთჳს და ლევისთჳს, და რომელი ათეულსა მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს; |
10 | ვინაიდან ჯერ კიდევ მამის წიაღში იყო, როცა შეეგება მელქისედეკი. | 10 | რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხჳა მას მელქისედეკ. |
11 | ამრიგად, სრულყოფა რომ ლევიტელთა მღვდელმსახურებით მიიღწეოდეს (ვინაიდან ხალხს მის მიერ მიეცა რჯული), რა საჭირო იქნებოდა მელქისედეკის წესისამებრ აღმდგარიყო სხვა მღვდელი, ნაცვლად იმისა, რომ აარონის წესით წოდებულიყო? | 11 | რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაჲ ლევიტელთაგან მღდელობისაჲ იყო, - რამეთუ ერი იგი მას ზედა შჯულ-დებულ არს, - რადღა საჴმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა სხუაჲ აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად? |
12 | ვინაიდან მღვდლობის შეცვლასთან ერთად უთუოდ უნდა შეიცვალოს რჯულიც. | 12 | რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ შჯულისაცა ცვალებაჲ იქმნების, |
13 | რადგან ვისზედაც ეს ითქვა, სხვა ტომს ეკუთვნოდა, საიდანაც არავინ მიახლებია საკურთხეველს. | 13 | რომელსა ზედა თქუმულ არს ესე: სხჳსა ნათესავსამან დაიპყრა, რომლისაგანი არასადა საკურთხეველსა წარდგომილ იყო. |
14 | ვინაიდან ცნობილია, რომ უფალი ჩვენი ამობრწყინდა იუდას ტომიდან, რომლის მღვდლობაზეც სიტყვა არ დასცდენია მოსეს. | 14 | წინაწარ ჩანს, რამეთუ იუდაჲს ნათესავისაგან აღმოგჳბრწყინდა უფალი ჩუენი, რომლისა ნათესავისაჲ მღდელობისათჳს არაჲ აჴსენა მოსე. |
15 |
და ეს მით უფრო ცხადია, რომ, მელქისედეკის მსგავსად, დგება სხვა მღვდელი, |
15 | და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაჲ მღდელთმოძღუარი, |
16 | რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულისამებრ კი არ გახდა მღვდელი, არამედ წარუვალი სიცოცხლის ძალით. | 16 | რომელი არა შჯულისა მისებრ მცნებისა ჴორციელისა იყოს, არამედ ძალისა მისებრ ცხორებისა წარუვალისა. |
17 | რადგანაც გვაქვს მოწმობა: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“. | 17 | რამეთუ ეწამების, ვითარმედ: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა. |
18 | უწინდელი აღთქმა კი მისი უმწეობისა და უსარგებლობის გამო უქმდება, | 18 | რამეთუ შეურაცხებაჲ იქმნების პირველისა მის მცნებისაჲ უძლურებისა მისისათჳს და ურგებობისა, |
19 | რადგანაც ვერარა სრულყო რჯულმა; მაგრამ შემოდის უმჯობესი სასოება, რომლის მეოხებითაც მივეახლებით ღმერთს. | 19 | რამეთუ არარაჲ სრულ ყო შჯულმან; ხოლო შემოსლვაჲ უმჯობესისა სასოებისაჲ, რომლისა მიერ მივეახლებით ღმერთსა. |
20 | და რამდენადაც ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, | 20 | და რაოდენ-იგი არა თჳნიერ ფიცისა, - რამეთუ რომელნიმე თჳნიერ ფიცისა არიან მღდელ ყოფილ; |
21 | (ვინაიდან ისინი ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ხოლო ეს - ფიცით მის მიერ, ვინც უთხრა: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა)“, - | 21 | ხოლო ესე - ფიცით მის მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს; შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა, - |
22 | იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო. | 22 | ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავს-მდებ იესუ. |
23 | ეგეც არ იყოს, ვინ მოსთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდლები, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, | 23 | და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულნი სიკუდილისაგან დაყენებითა დადგრომად. |
24 | ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. | 24 | ხოლო ამას დადგრომისათჳს მისისა უკუნისამდე წარუვალად აქუს მღდელობაჲ იგი. |
25 | ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად. | 25 | ვინაჲცა ყოვლითურთ ცხორებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ მოუჴდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთჳს. |
26 | სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, | 26 | რამეთუ შე-ვე ესევითარი-ჰგვანდა ჩუენდა მღდელთმოძღუარი: წმიდაჲ, უმანკოჲ, შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაჲ. |
27 | რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. | 27 | რომელსა არა უჴმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთმოძღუართა მათ, პირველად თჳსთა ცოდვათათჳს მსხუერპლისა შეწირვაჲ და მერმე ერისათჳს, რამეთუ თავადმან ერთგზის ყო ესე და თავი თჳსი შეწირა. |
28 | ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. | 28 | რამეთუ შჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთმოძღურად, რომელთა აქუნდა უძლურებაჲ, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად შჯულისა იყო, - ძე უკუნისამდე განსრულებული. |