ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას.

1 ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გჳვის ჩვენ მღდელთმოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა,
2 ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა. 2 წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაჲ, რომელი აღაშენა უფალმან და არა კაცმან.
3 რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი. 3 რამეთუ ყოველივე მღდელთმოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა დადგინებულ არს, ვინაჲცა უღირს მასცა, რაჲთა აქუნდეს რაჲმე, რომელი-იგი შეწიროს თავისა თჳსისათჳს.
4 მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს, 4 რამეთუ უკუეთუმცა იყო ქუეყანასა ზედა, არამცა იყო მღდელი, ყოფილთა მათ მღდელთა შემწირველთა, მსგავსად შჯულისა, მსხუერპლთა,
5 და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“. 5 რომელნი-იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებენ ზეცისაჲსა მას, ვითარცა-იგი ბრძანებაჲ მოიღო მოსე საქმესა მას კარვისასა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: იხილე და ქმენ ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუენეს შენ მთასა ზედა.
6 ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული. 6 ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა შუა-მდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა შჯულ-დებულ არს.
7 რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს? 7 რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისაჲ მის საძიებელ იყო ადგილი.
8 ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს. 8 რამეთუ აბრალებს მათ და ეტყჳს: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყჳს უფალი, და აღვასრულო სახლსა ზედა ისრაჱლისასა და სახლსა ზედა იუდაჲსსა აღთქუმაჲ ახალი.
9 იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი. 9 არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ ჴელი მათი გამოყვანებად მათდა ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს შჯულსა ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვენ იგინი, იტყჳს უფალი.
10 აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 10 რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაჱლისასა შემდგომად დღეთა მათ, იტყჳს უფალი: მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა ზედა გამოვწერნე იგინი; და ვიყო მათდა ღმერთად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
11 აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები. 11 და არა ასწავებდეს კაცად-კაცადი მოქალაქესა თჳსსა და კაცად-კაცადი ძმასა თჳსსა და ჰრქუას: „იცან უფალი“, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე დიდად მათამდე.
12 ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს. 12 რამეთუ ულხინო სიცრუვეთა მათთა და უშჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიჴსენნე მერმე,
13 ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია. 13 რაჟამს-იგი თქუას: „ახალიო“, დააძუელა პირველი იგი; ხოლო დაძუელებადი იგი და დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა.