ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:

1

პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ:

2 მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 2 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
3 კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. 3 კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ.
4 ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით; 4 ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით.
5 თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, 5 წინაწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა,
6 რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში, 6 საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა ჩუენ საყუარელისა მის მიერ,
7 ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, 7 რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა,
8 ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, 8 რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა და გონიერებითა.
9 და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით, 9 გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი წინაჲთვე განაჩინა მას შინა
10 რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში, 10 განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა;
11 რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით, 11 მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა, რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა,
12 რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი; 12 რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი-ესე წინაწარ მოსავ ვიყვენით ქრისტესა.
13

მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,

13 რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა.
14 რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად. 14 რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა.
15 ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 15 ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი, რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა.
16 გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, 16 არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა,
17 რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; 17 რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა.
18 და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის, 18 და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის,
19 ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით, 19 და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა მისისა,
20 რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და მარჯვნივ დაისვა ცაში, 20 რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა,
21 ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ საწუთროში, არამედ მომავალშიც; 21 უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას სოფელსა, არამედ მერმესაცა მას.
22 ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, 22 და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა,
23 რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით. 23 რომელი-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო.