ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, |
1 | და თქუენცა, რომელნი-ეგე მკუდარ იყვენით ბრალითა და ცოდვითა თქუენითა, |
2 | რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; | 2 | რომელთა შინა ოდესმე ხჳდოდეთ მსგავსად ჟამთა მათ ამის სოფლისათა, მთავრისა მისებრ ჴელმწიფებისა აერისა, სულისა, რომელი-იგი აწ იქმს ნაშობთა მათ შორის ურჩებისათა, |
3 | ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი; | 3 | რომელთა შინა და ჩუენცა ყოველნი ვიქცეოდეთ ოდესმე გულის თქუმათა შინა ჴორცთა ჩუენთასა, ვჰყოფდით ნებასა ჴორცითა და გონებათასა და ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა-იგი სხუანი. |
4 | მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა, | 4 | ხოლო ღმერთმან, რამეთუ მდიდარ არს წყალობითა, მრავლითა სიყუარულითა მისითა, რომლითა-იგი შემიყუარნა ჩუენ, |
5 | ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი), | 5 | და რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა, - მადლითა ხართ თქუენ გამოჴსნილ, - |
6 | მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში, | 6 | და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ, |
7 | რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში. | 7 | რაჲთა აჩუენოს ჟამთა მათ მომავალთა გარდამატებული იგი სიმდიდრე მადლისა მისისაჲ სიტკბოებით ჩუენ ზედა ქრისტე იესუჲს მიერ. |
8 | და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; | 8 | რამეთუ მადლითა ხართ გამოჴსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: |
9 | და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს. | 9 | არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს. |
10 | რადგანაც მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი სიკეთის ქმნისთვის, როგორც დაგვიწესა ღმერთმა, რათა სიკეთით ვიაროთ. | 10 | რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესუჲს მიერ საქმეთათჳს კეთილთა, რომელთათჳს წინაწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მათ შინა ვიდოდით. |
11 | მაშ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, ოდესღაც ხორცით წარმართნი, წინადაუცვეთლებს რომ გიწოდებდნენ ხორციელი წინადაცვეთით, ანუ კაცის ხელით წინადაცვეთილნი, - | 11 | ამისთჳს მოიჴსენეთ, რამეთუ თქუენ, ოდესმე წარმართნი ეგე ჴორცითა, რომელთა გერქუა წინა-დაუცუეთელ მის გამო, რომელსა-იგი ერქუა წინადაცუეთილება ჴორცითა მით ჴელით ქმნულითა, |
12 |
ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი. |
12 | რამეთუ იყვენით მას ჟამსა შინა თჳნიერად ქრისტესა, უცხო-ქმნულნი მოქალაქეობისა მისგან ისრაჱლისა და უცხო რჩულთა მათგან აღთქუმათაჲსა, სასოებაჲ არა გაქუნდა, და უღმრთო იყვენით სოფელსა შინა. |
13 | ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით. | 13 | ხოლო აწ ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ, რომელნი-ეგე ოდესმე იყვენით შორს, იქმნენით მახლობელ სისხლითა მით ქრისტესითა. |
14 | რადგანაც იგია მშვიდობა ჩვენი, ერთად რომ აქცია ორი, მათ შორის აღმართული ზღუდის დამრღვევი, | 14 | რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა-კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, |
15 | რომელმაც თავისი ხორცით გაანაქარა მტრობა, აღთქმათა რჯული კი - მოძღვრებით, რათა, მშვიდობისმყოფელს, ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში, | 15 | მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა |
16 | და ორივე ერთი სხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაკვდინა მტრობა. | 16 | და დააგნეს ორნივე იგი ერთითა მით ჴორცითა ღმერთსა ჯუარისა მიერ, მოკლა მტერობაჲ იგი მას შინა, |
17 | მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც. | 17 | და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა, |
18 | რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას. | 18 | რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ. |
19 | ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი; | 19 | ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანა-მოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, |
20 | მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე, | 20 | აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს ქრისტე იესუ, |
21 | რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში, | 21 | რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, |
22 | და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით. | 22 | რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკჳდრებელად ღმრთისა სულითა. |