ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სწორედ ამიტომ მე, პავლე, იესო ქრისტეს ტყვედ ვიქეც თქვენთვის წარმართთა გულისთვის,

1 ამისთჳს მე, პავლე, კრული ქრისტე იესუჲსი, თქუენ წარმართთათჳს.
2 თუკი გსმენიათ აღმშენებლობა ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა თქვენთვის, 2 უკუეთუ გასმიეს მოღუაწებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ, რომელ მოცემულ არს ჩემდა თქუენდა მიმართ,
3 რადგანაც გამოცხადებით მეუწყა საიდუმლო, როგორც უწინ მოგწერეთ კიდეც მოკლედ; 3 რამეთუ გამოცხადებით მაუწყა მე საიდუმლოჲ იგი, ვითარცა-იგი უწინარეს მივწერე თქუენდა მცირედრე,
4 როცა წაიკითხავთ, შეგიძლიათ გაიგოთ, როგორ მესმის მე ქრისტეს საიდუმლო, 4 რომლითა შემძლებელ ხართ, აღმოიკითხოთ რაჲ, ცნობად გულისჴმის-ყოფისა მის ჩემისა საიდუმლოჲთა მით ქრისტესითა,
5 რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ; 5 რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაწარმეტყუელთა სულითა წმიდითა,
6 რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში; 6 რაჲთა იყვნენ წარმართნი თანა-მკჳდრ და თანა-ჴორც და თანა-მყოფ აღთქუმისა მის ღმრთისა იესუ ქრისტეს მიერ სახარებითა მით,
7 სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი, თანახმად ღვთის მადლისა, რომელიც მომეცა მისი ძალისხმევით. 7 რომლისა ვიქმენ მე მსახურ ნიჭისა მისებრ მადლისა ღმერთისა, მოცემულისა ჩემდა შეწევნისაებრ ძალისა მისისა.
8 მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი, 8 მე, უმრწემესსა ამას ყოველთა წმიდათასა, მომეცა მადლი ესე წარმართთა შორის ხარებად გამოუკულეველი იგი სიმდიდრე ქრისტესი
9 და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით, 9 და განათლებად ყოველთა, რაჲ-იგი არს განგებულებაჲ იგი საიდუმლოჲსაჲ მის დაფარულისაჲ საუკუნითგან ღმრთისა თანა, რომელმან ყოველივე დაჰბადა იესუ ქრისტეს მიერ,
10 რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე, 10 რათა ეუწყოს აწ მთავრობათა მათ და ჴელმწიფებათა ზეცისათა ეკლესიისაგან მრავალფერი იგი სიბრძნე ღმრთისაჲ
11 თანახმად საუკუნო წინასწარგანჩინებისა, რომელიც აღასრულა მან ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, 11 გულს-მოდგინებისაებრ საუკუნეთაჲსა, რომელ-იგი ქმნა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა,
12 ვისითაც გვაქვს სიმტკიცე და სასოება მისდამი მიახლებისა რწმენით. 12

რომლითა მაქუს ჩუენ განცხადებულებაჲ და მოსლვაჲ სასოებით სარწმუნოებითა მისითა.

13

ამიტომაც გევედრებით, გულს ნუ გაგიტეხთ ჩემი წუხილი თქვენს გამო, რაც არის თქვენი დიდება.

13 ამისთჳს ვითხოვ, რაჲთა არა გეწყინებოდის ჭირთა შინა ჩემთა თქუენთჳს, რომელ-იგი არს დიდებაჲ თქუენდა.
14 სწორედ ამიტომ ვიყრი მუხლს ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამის წინაშე, 14 ამის ჯერისათჳს მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა მამისა მიმართ,
15 ვის მიერაც იწოდება, ყოველი მამობა მიწაზეც და ცაშიც, - 15 რომლისაგან ყოველნი ნათესავნი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა სახელ-დებულ არიან,
16 რომ თავისი დიდების სიმდიდრისამებრ მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცედ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში, 16 რაჲთა მოგცეს თქუენ სიმდიდრისაებრ დიდებისა მისისა, ძალითა განმტკიცებად სულისა მიერ მისისა შინაგანსა კაცსა,
17 და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში, 17 დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა,
18 რათა, სიყვარულით დამკვიდრებულთ და დაფუძნებულთ, ყველა წმიდასთან ერთად შეგეძლოთ სიგრძისა თუ სიგანის, სიღრმისა თუ სიმაღლის წვდომა, 18 სიყუარულითა დამტკიცებულნი და დაფუძნებულნი, რაჲთა შეუძლოთ წარწევნად ყოველთა თანა წმიდათა, რაჲ-იგი არს სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე,
19 და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით. 19 ცნობად გარდარეული იგი მეცნიერებისა სიყუარული ქრისტესი, რაჲთა აღივსნეთ თქუენ ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა.
20 ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, - 20 ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ გინა თუ ვსცნობთ ძალისა მისებრ შეწევნისა ჩუენ შორის,
21 დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოსა და ყველა თაობაში, უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 21 მისა დიდებაჲ ეკლესიასა შინა ქრისტე იესუჲს მიერ ყოველთა ნათესავთა მიმართ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.