ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია. |
1 |
შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალი. |
2 | „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, - | 2 | პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა. |
3 | რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად. | 3 | რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა. |
4 | თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით. | 4 | და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა. |
5 | მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; | 5 | მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა, |
6 | არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. | 6 | ნუ თუალთა წინაშე თუალ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა გულითად; |
7 | კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც ადამიანებს. | 7 | გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; |
8 | იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან. | 8 | უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი, იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან. |
9 | თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება. | 9 | და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა. |
10 | და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. | 10 | ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა, |
11 | შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, | 11 | შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა. |
12 | რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. | 12 | რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. |
13 |
ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. |
13 |
ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. |
14 | მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, | 14 | მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. |
15 | ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. | 15 | და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. |
16 | ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას, | 16 | ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; |
17 | აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა. | 17 | და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ; |
18 | ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის, | 18 | ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმიდათათჳს |
19 | ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო, | 19 | და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ, |
20 | რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს. | 20 | რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად. |
21 | ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური, | 21 | ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ, ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან უფლისა მიერ, |
22 | რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები. | 22 | რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ, რაჲთა უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა. |
23 | მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. | 23 | მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. |
24 | მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. | 24 | მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ. |