ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო. |
1 |
ვინაჲცა, ძმანო ჩემნო საყუარელნო და სასურველნო, სიხარულნო და გჳრგჳნნო ჩემნო, ესრეთ მტკიცედ დეგით უფლისა მიერ, საყუარელნო. |
2 | ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში. | 2 | ევვოდიას გლოცავ და სჳნტჳქოს გლოცავ, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ უფლისა მიერ; |
3 | შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. | 3 | ჰე, გლოცავ შენცა, ერთგულსა თანა-მეუღლესა, შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნეს მე კლემენტოსითურთ, და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა. |
4 | მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ. | 4 | გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ. |
5 | თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი. | 5 | სიმდაბლე ეგე თქუენი ცხად იყავნ ყოველთა კაცთა. უფალი ახლოს არს. |
6 | ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს. | 6 | ნურარას ჰზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ, |
7 | და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში. | 7 | და მშჳდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუჲს მიერ. |
8 | და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ. | 8 | ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით. |
9 | რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან. | 9 | რომელცა-იგი ისწავეთ და მიიღეთ და გესმა და იხილეთ ჩემ თანა, მას იქმოდეთ; და ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ თანა. |
10 | დიდად გავიხარე უფალში, რომ კვლავ დაიწყეთ ჩემზე ზრუნვა; თუმცა უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ვითარებამ დაგაბრკოლათ. | 10 |
ხოლო განვიხარე უფლისა მიერ დიდად, რამეთუ აწვე ეგერა აღმოცენებულ ხართ ჩემ კერძო ზრახვად, რომელსაცა-იგი ზრახევდით, ხოლო დაჰყუნდით. |
11 | იმიტომ როდი ვამბობ, რომ მიჭირს, რადგანაც ვისწავლე კმაყოფილი ვიყო იმით, რაცა მაქვს. | 11 | და თუ ნაკლულევანებისათჳს რაჲსმე გეტყჳ თქუენ, რამეთუ მე მისწავიეს: რომელთა შინა ვარ, რაჲთა კმა-ვიყო. |
12 | გაჭირვებაც ვიცი რა არის და დალხინებაც, ყველაფერი გამომიცდია: სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც. | 12 | ვიცი დამდაბლებაჲცა და ვიცი გარდამატებაჲცა; ყოველთა მიმართ და ყოველსა შინა შეზმნილ ვარ: განძღებად და შიმშიდ, აღმატებად და დაკლებად. |
13 |
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში. |
13 | ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ. |
14 | მაგრამ კარგად მოიქეცით, რომ გაიზიარეთ ჩემი გასაჭირი. | 14 | გარნა კეთილად ჰყავთ, რამეთუ ეზიარენით ჭირთა ამათ ჩემთა. |
15 | თქვენ ხომ იცით, ფილიპელნო, რომ ხარების დასაბამს, როცა მაკედონიიდან გამოვედი, თქვენს გარდა არცერთმა ეკლესიამ არაფერი გამიზიარა: არც რა მომცა და არც რა მიიღო ჩემგან. | 15 | ხოლო ესე თქუენცა უწყით, ფილიპელნო, რამეთუ დასაბამსა მას სახარებისასა, რაჟამს გამოვედ მაკედონიაჲთ, არცა ერთი ეკლესიაჲ მეზიარა მე მოცემისათჳს და მოღებისა, გარნა ხოლო თქუენ მარტოდ. |
16 | თქვენ კი ერთი-ორჯერ თესალონიკეშიც გამომიგზავნეთ, რაც მჭირდებოდა. | 16 | რამეთუ თესალონიკედცა ერთ-გზის და ორ-გზისცა საჴმრად ჩემდა მომიძღუანეთ. |
17 | იმიტომ კი არა, თითქოს მოსაკითხს ვეძებდე, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც მრავლდება თქვენდა სარგებლად. | 17 | არა თუ რამეთუ საცემელსა ვეძიებ, არამედ ვეძიებ ნაყოფსა მას, რომელი აღემატების სახელად თქუენდა. |
18 | ყველაფერი მივიღე და ბლომადაც მაქვს, სავსე ვარ იმით, რაც ეპაფროდიტოსის ხელით გამომიგზავნეთ: კეთილსურნელება, საამო შეწირულება, ესოდენ სასურველი ღვთისათვის. | 18 | მაქუს მე ყოველი და გარდამრევიეს; და აღსავსე ვარ მოღებითა ეპაფროდიტესგან თქუენ მიერ სულითა სურნელებისაჲთა, მსხუერპლითა მით შეწირულითა სათნოთა ღმრთისაჲთა. |
19 | ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში. | 19 | ხოლო ღმერთმან ჩემმან აღავსენ ყოველი საჴმარი თქუენი სიმდიდრისაებრ მისისა დიდებითა ქრისტე იესუჲს მიერ. |
20 | ღმერთსა და მამას ჩვენსას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. | 20 | ხოლო ღმერთსა და მამასა ჩუენსა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |
21 | მოიკითხეთ ყველა წმიდა ქრისტე იესოში. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები. | 21 | მოიკითხევდით ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ. გიკითხვენ თქუენ ჩემთანანი ძმანი. |
22 | მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი. | 22 | გიკითხვენ თქუენ ყოველნი წმიდანი, უფროჲსღა სახლისა მის კეისრისანი. |
23 | ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი ყველა თქვენგანის სულს. ამინ. | 23 | მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ. |