ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, მოციქული არა კაცთაგან და არც კაცის მიერ, არამედ იესო ქრისტესა და მამა ღმერთისაგან, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრეთით,

1

პავლე მოციქული არა კაცთაგან, არცა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ და ღმრთისა მამისა, რომელმან აღადგინა იგი მკუდრეთით,

2 და ჩემთან მყოფი ყველა ძმა - გალატიის ეკლესიებს: 2 და ჩემ თანა ყოველი ძმანი ეკლესიათა გალატიაჲსათა:
3 მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, 3 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა,
4 რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით, 4 რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა ჩუენთათჳს, რაჲთა განმარინნეს ჩუენ სოფლისა ამის ბოროტისაგან ნებითა ღმრთისა და მამისა ჩუენისაჲთა,
5 ვისიცაა დადება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 5 რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
6 მიკვირს, რომ იმისაგან, ვინც ქრისტეს მადლით გიხმოთ, ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე. 6 მიკჳრს, რამეთუ ესრეთ ადრე გარდაიქცევით მისგან, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ მადლითა ქრისტესითა, სხუად სახარებად,
7 თუმცა არ არსებობს სხვა სახარება, არიან მხოლოდ ზოგიერთნი, რომელნიც გამღვრევენ და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. 7 რომელ სხუაჲ არა არს, გარნა არიან ვინმე, რომელნი აღგძრვენ თქუენ და ჰნებავს გარდაქცევად სახარებაჲ იგი ქრისტესი.
8 მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. 8 არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!
9 რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს. 9 ვითარცა წინაწარ ვთქუ და აწ კუალად ვიტყჳ: უკუეთუ ვინმე გახარებდეს თქუენ მისა გარეშე, რომელი-იგი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!
10 ხოლო ამჟამად ხალხს ვარწმუნებ თუ ღმერთს? ან იქნებ ვცდილობ ხალხს ვაამო? ეს რომ კვლავაც ჩემი მიზანი იყოს, აღარ ვიქნებოდი მონა ქრისტესი. 10 აწ კაცთა-მე ვერწმუნო ანუ ღმერთსა? ანუ ვეძიებ რას კაცთა მოთნებასა? რამეთუ უკუეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ.
11 გაუწყებთ, ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცის მიერი, 11 ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,
12 ვინაიდან მეც კაცისგან როდი მიმიღია ან მისწავლია, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით. 12 და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.
13

თქვენ გსმენიათ, როგორ ვიქცეოდი ოდესღაც იუდეველობაში, რა სასტიკად ვდევნიდი ღვთის ეკლესიას და ვარბევდი მას.

13 რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.
14

ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.

14 და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა.
15 ხოლო როდესაც ღმერთმა, დედის საშოდანვე რომ ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, - 15 ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა
16 კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს. 16 გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,
17 არც იერუსალიმს ავსულვარ, ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბიას წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოს. 17 არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.
18 სამი წლის შემდეგ კი პეტრეს სანახავად ავედი იერუსალიმს და თხუთმეტი დღე დავყავი მასთან. 18 და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
19 სხვა მოციქულთაგან არავინ მინახავს, უფლის ძმის, იაკობის გარდა. 19 ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.
20 ხოლო იმაში, რასაცა გწერთ, ღმერთია მოწმე, არ ვცრუობ. 20 და რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, აჰა ესერა წინაშე უფლისა, რამეთუ არა ვტყუვი.
21 შემდგომ ამისა, სირიასა და კილიკიაში ჩავედი. 21 და მერმე მოვედ ადგილთა მათ ასურეთისა და კილიკიაჲსათა.
22 ხოლო ქრისტეს ეკლესიები იუდეაში პირადად არ მიცნობდნენ მე. - 22 ხოლო ვიყავ შეუსწავებელ წინაშე პირსა ეკლესიათა მათ ჰურიასტანისათა, რომელნი იყვნეს ქრისტეს მიმართ;
23 მხოლოდ ის სმენოდათ, რომ ოდესღაც მათი მდევნელი ამჟამად ახარებს რწმენას, რომელსაც უწინ ებრძოდა. 23 გარნა სმენით ხოლო ესმინა, ვითარმედ რომელი-იგი გუდევნიდა ჩუენ ოდესმე, აწ ახარებს სარწმუნოებასა მას, რომელსა-იგი ოდესმე ტყუენვიდა.
24 და ადიდებდნენ ღმერთს ჩემს გამო. 24 და ადიდებდეს ჩემთჳს ღმერთსა.