ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეჰა, უგუნურო გალატელნო! ვინ მოგნუსხათ ისე, რომ აღარ ემორჩილებით ჭეშმარიტებას? თქვენ, ვის თვალწინაც გამოისახა იესო ქრისტე, როგორც თქვენშივე ჯვარცმული?

1 ჵ უცნობელნო გალატელნო, ვინ გეშურობდა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად, რომელთა თუალთა წინაშე პირველვე გამოიწერა თქუენ შორის იესუ ქრისტე ჯუარ-ცუმული?
2 მხოლოდ ეს მინდა ვიცოდე თქვენგან: რჯულის საქმეთაგან მიიღეთ სული თუ რწმენის შესმენით? 2 ესე ხოლო მნებავს თქუენგან უწყებად: საქმეთაგან შჯულისათა სული იგი მიიღეთ ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?
3 ნუთუ იმდენად უგუნურნი ხართ, რომ სულით დაიწყეთ და ხორცით კი ამთავრებთ? 3 ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ჴორციელად აღასრულებთ?
4 ნუთუ ამაოდ დაითმინეთ ამდენი რამე? ოჰ, ნეტა მხოლოდ ამაოდ! 4 ესოდენი გევნო ცუდად? და თუმცა ცუდად!
5 ვინც სულს გაძლევთ და სასწაულებს ახდენს თქვენს შორის, რჯულის საქმეებით ახდენს ამას თუ რწმენის შესმენით? 5 აწ უკუე რომელმან-იგი მოგცა თქუენ სული და იქმს ძალთა თქუენ შორის, საქმეთაგან-მე შჯულისათა ანუ სმენითა მით სარწმუნოებისაჲთა?
6 როგორც აბრაამმა ირწმუნა ღმერთი, და სიმართლედ შეერაცხა მას. 6 ვითარცა აბრაჰამს ჰრწმენა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ.
7 მაშ, იცოდეთ, რომ ვინც რწმენისაგან არიან, აბრაამის ძენი არიან. 7 უწყით-მეა, რამეთუ სარწმუნოებისაგანნი იგი არიან შვილნი აბრაჰამისნი?
8 და წერილმა, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარვე ახარა აბრაამს: „შენში იკურთხება ყველა ხალხი“. 8 რამეთუ წინაწარ იცოდა წიგნმან, ვითარმედ სარწმუნოებითა განამართლებს წარმართთა ღმერთი, წინაწარ ახარა აბრაჰამს, ვითარმედ: შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი.
9 ასე რომ, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრაამთან ერთად იკურთხებიან. 9 აწ უკუე სარწმუნოებისაგანნი იგი იკურთხევიან მორწმუნისა მის აბრაჰამის თანა.
10 ხოლო ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან, რადგანაც დაწერილია: „წყეულიმც იყოს, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყველაფერს, რაც ჩაწერილია წიგნში“. 10 რამეთუ რაოდენნი-იგი საქმეთაგან შჯულისათა არიან, წყევასა ქუეშე არიან. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი არა დაადგრეს ყოველსა წერილსა წიგნისა ამის შჯულისასა ყოფად მისა.
11 ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან „მართალი იცოცხლებს რწმენით“. 11 და რამეთუ შჯულითა არავინ განმართლდების ღმრთისა წინაშე, ცხად არს, რამეთუ: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
12 ხოლო რჯული რწმენით როდია, არამედ ვინც მას აღასრულებს, მისითვე იცოცხლებს. 12 ხოლო შჯული არა არს სარწმუნოებისაგან, არამედ, ყოს თუ ვინმე იგი კაცმან, ცხონდეს მას შინა.
13 ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“, 13 ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა.
14 რათა აბრაამის კურთხევა იესო ქრისტეს მეოხებით გავრცელდეს წარმართებზედაც და, ამრიგად, მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით. 14 რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა.
15 კაცთა ჩვევისამებრ განვსაჯოთ, ძმანო: თვით კაცის მიერ დამტკიცებულ ანდერძსაც კი ვერავინ დაარღვევს და ვერც ვერაფერს დაუმატებს მას. 15 ძმანო, კაცობრივ ვიტყჳ, ვითარმედ: კაცისა დამტკიცებული წიგნი არავინ შეურაცხ-ყვის გინა სხუაჲ ბრძანებაჲ ბრძანის მის ზედა.
16

ხოლო ეს აღთქმანი აბრაამს და მის თესლს მიეცა. არ თქმულა: „მის თესლთაც“, როგორც ითქმის მრავალზე, არამედ ერთზე ითქვა („შენს თესლსაც“), რომელიც არის ქრისტე.

16

ხოლო აბრაჰამის მიმართ ითქუნეს აღთქუმანი ესე და ნათესავისა მისისა. არა იტყჳს „და ნათესავთა“, ვითარცა მრავალთასა, არამედ ვითარცა ერთისასა; „და ნათესავისა შენისა“, რომელ არს ქრისტე.

17 მე კი ვამბობ: ღვთის მიერ დამტკიცებულ აღთქმას ისე როდი აუქმებს ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ ძალა დაკარგოს აღთქმამ. 17 ხოლო ამას ვიტყჳ წიგნად აღთქუმისა დამტკიცებულად ღმრთისა მიერ ქრისტეს მიმართ, რომელ შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იყო შჯული, არა დაუმტკიცებელ ჰყოფს, რაჲთამცა განაქარვა აღთქუმაჲ იგი.
18 რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, მაშინ უკვე აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა იგი აბრაამს. 18 რამეთუ უკუეთუ შჯულისაგან არს მკჳდრობაჲ იგი, არღარა აღთქუმისაგან არს; ხოლო აბრაჰამს აღთქუმისა მიერ მოჰმადლა ღმერთმან.
19 კი მაგრამ, რაღაა რჯული? ის მოცემულ იქნა შეცოდებათა გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი, ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემულ იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით. 19 აწ უკუე რაჲ შჯული? გარდასლვისათჳს-მე მოეცა, ვიდრემდის მოვიდეს ნათესავი იგი, რომელ აღთქმულ არს, ბრძანებული ანგელოზთაგან ჴელითა შუამდგომელისაჲთა?
20 მაგრამ შუამავალი შეუძლებელია ერთის მიმართ იყოს შუამავალი, ღმერთი კი ერთია. 20 ხოლო შუამდგომელი ერთისაჲ არა არს, ხოლო ღმერთი ერთ არს.
21 მაშ, რჯული ეწინააღმდეგება ღვთის აღთქმათ? არამც და არამც. ვინაიდან მოცემული რომ ყოფილიყო რჯული, რომელსაც შეეძლებოდა სიცოცხლის მონიჭება, მაშინ ჭეშმარიტად რჯულისგან იქმნებოდა სიმართლე. 21 აწ უკუე შჯული მტერ-მე არსა აღთქუმათა მათ ღმრთისაჲთა? ნუ იყოფინ! რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნანდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე.
22 მაგრამ წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა, რათა აღთქმული სიკეთე იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდა მორწმუნეთ. 22 არამედ შეაყენა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა.
23 რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 23 ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.
24 ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.
25 ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ.
26 რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.
27 ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.
28 აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.
29 ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, - მემკვიდრენიც. 29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.