ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.

1 აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ.
2 აჰა, მე, პავლე, გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, ვერაფერს ირგებთ ქრისტესაგან. 2 აჰა ესერა მე, პავლე, გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: უკუეთუ წინადაიცჳთოთ, ქრისტემან თქუენ არარაჲ გარგოს.
3 კვლავაც ვუმოწმებ ყველას, ვინც წინადაიცვეთს, რომ მთელი რჯულის აღსრულება მართებს. 3 ხოლო კუალად უწამებ ყოველსა კაცსა წინადაცუეთილსა, ვითარმედ თანა-მდებ არს იგი ყოველსა შჯულსა ყოფად.
4 ხოლო თქვენ, რჯულით რომ იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოაკლდით მადლს. 4 განქარვებულ ხართ ქრისტესგან რომელნი-ეგე შჯულითა განჰმართლდებით, მადლისა მისგან განვრდომილ ხართ.
5 ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან. 5 რამეთუ ჩუენ სულითა სარწმუნოებისაგან სასოებასა სიმართლისასა მოველით.
6 რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით. 6 რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაჲ, არამედ სარწმუნოებაჲ, სიყუარულისაგან შეწევნული.
7 მშვენივრად რბოდით და ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ ჰმორჩილებდეთ ჭეშმარიტებას? 7 ჰრბიოდეთ კეთილად; ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა-მორჩილებად?
8 ეს შეგონება მისეული როდია, ვინც გიხმობთ. 8 მორჩილებაჲ ეგე არა მისგან არს, რომელმან-იგი გიჩინნა თქუენ.
9 მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს. 9 მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის.
10 მწამს თქვენი უფალში, რომ არ გექნებათ სხვა აზრი: ვინც უნდა იყოს თქვენი ამამღვრეველი, ვერსად წაუვა მსჯავრს. 10 მე გესავ თქუენ უფლისა მიერ, ვითარმედ სხუასა არარას ზრახვიდეთ; ხოლო რომელი-იგი აღგძრავს თქუენ, მან იტჳრთოს საშჯელი, ვინცა-იგი არს.
11 რისთვისღა მდევნიან, ძმანო, თუკი კვლავ ვქადაგებ წინადაცვეთას? მაშინ ხომ შეწყდებოდა ცთუნება ჯვრისა. 11 ხოლო მე, ძმანო, წინადაცუეთასა ღათუ ვქადაგებდე, რაჲსაღა-მე ვიდევნები? გან-მე-ქარდა საცთური იგი ჯუარისაჲ?
12 ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი. 12 ჯერ-იყო, გან-თუმცა-გეშორნეს, რომელნი-იგი გაშფოთებენ თქუენ.
13 ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს. 13

რამეთუ თქუენ აზნაურებასა ჩინებულ ხართ, ძმანო; გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ჴორცთა, არამედ სიყუარულისა მისთჳს ჰმონებდით ურთიერთარს.

14

რადგანაც მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

14 რამეთუ ყოველი შჯული ერთითა სიტყჳთა აღესრულების: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
15 მაგრამ თუ ერთიმეორეს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით: შეიძლება სულაც ამოჭამოთ ერთმანეთი. 15 ხოლო უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭამებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ.
16 ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი, 16 ხოლო ამას გეტყჳ: სულითა ვიდოდეთ და ჴორცთა გულის თქუმასა ნუ აღასრულებთ.
17 რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ. 17 რამეთუ ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მჴდომ არიან ურთიერთარს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, მას ჰყოფდეთ.
18 თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ. 18 უკუეთუ სულითა იქცეოდით, არა ხართ შჯულსა ქუეშე.
19 ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა, 19 ხოლო ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი,
20 კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა, 20 კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი,
21 სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. 21 შურნი, კაცის-კლავნი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ.
22 ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,
23 თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.
24 ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.
25 თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.
26 ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.