1 |
ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ
სასჯელს მივიღებთ. |
1 |
ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ. |
2 |
რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს
სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი. |
2 |
რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა
სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე
გუამისა. |
3 |
აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ,
და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს. |
3 |
უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი,
და ყოველი გუამი მისი მოვაქციით. |
4 |
თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით
ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც
ნებავს. |
4 |
აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა
მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად
მმართებელსა მას მათსა. |
5 |
ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი
ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს. |
5 |
ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა
ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის! |
6 |
ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი
უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს
დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან. |
6 |
და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ
დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და
აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან. |
7 |
რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის
ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით. |
7 |
რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და
ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე
კაცთასა. |
8 |
ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა
აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი. |
8 |
ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად,
დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, |
9 |
ენით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ენითვე შევაჩვენებთ
ღვთის ხატად შექმნილ კაცთაც. |
9 |
რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი
მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. |
10 |
ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო
ჩემნო, ასე. |
10 |
მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო,
ესე ესრეთ ყოფად. |
11 |
განა ერთი და იმავე წყაროს თვალიდან მოჩუხჩუხებს ტკბილი და მწარე წყალი? |
11 |
ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე? |
12 |
განა შეიძლება, ძმანო ჩემნო, ლეღვის ხემ ზეთისხილი მოისხას, ვაზმა კი - ლეღვი?
ასევე შეუძლებელია ერთი წყაროდან დიოდეს მლაშე და მტკნარი წყალი. |
12 |
ეგების-მეა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღვმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან
ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად. |
13 |
ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული
სიმშვიდით. |
13 |
ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად
სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა. |
14 |
ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და
გვიყალბებთ ჭეშმარიტებას. |
14 |
ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴმდომაჲ გულთა შინა
თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. |
15 |
არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული. |
15 |
არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ. |
16 |
ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე. |
16 |
რამეთუ სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმჱ. |
17 |
ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი,
თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და
უთვალთმაქცო. |
17 |
ხოლო ზეგარდმოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ,
მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა განუკითხველ და
შეუორგულებელ. |
18 |
სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის. |
18 |
რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა. |