ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ეპისტოლე იაკობისა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

საიდან იღებენ დასაბამს თქვენი ბრძოლები და ცილობანი, თუ არა თქვენსავ ასოებში ურთიერთმბრძოლი ვნებებისაგან?

1

ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?

2 გსურთ და არა გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ; იბრძვით და ომობთ, მაგრამ ვერ იხვეჭთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ. 2 გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.
3 ითხოვთ და ვერ იღებთ, იმიტომ, რომ ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენივე ვნებები დაიცხროთ. 3 ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ.
4 მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა. 4 მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტერობა არს ღმრთისაჲ? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.
5 იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“. 5 ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?
6 მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“. 6 უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
7 მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან. 7 დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან.
8 მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო. 8 მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.
9 იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად. 9 დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.
10 დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ. 10 დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.
11 ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული. 11 ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.
12 ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც; შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს? 12 ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?
13 ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო, 13 აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.
14 მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება, 14 რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.
15 ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, - 15 ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.
16 თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა. 16 ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.
17 ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს. 17 რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.