ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს სახარება

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.

1

პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.

2 ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. 2 ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
3 ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. 3 ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა.
4 მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა. 4 მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.
5 ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა. 5 და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
6 იყო კაცი, მოვლინებული ღმერთის მიერ, და სახელი მისი იოანე. 6 იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე.
7 ის მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლისათვის და, ამრიგად, ყველას ერწმუნა მისგან. 7 ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან.
8 არ იყო ის ნათელი, არამედ რათა ემოწმებინა ნათლისათვის. 8 არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს.
9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც გაანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად. 9 იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
10 ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი. 10 სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა.
11 თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ შეიწყნარეს. 11 თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს.
12 ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; 12 ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი,
13 და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. 13 რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.
14 სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. 14 და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.
15 იოანე მოწმობს მისთვის და ღაღადით ამბობს: ეს არის იგი, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს შემდეგ მომავალი ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 15 იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს.
16

და მისი სავსებისგან ყველამ მივიღეთ მადლი მადლისა წილ.

16 და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ.
17 რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა. 17 რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა.
18 ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა. 18 ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
19 ეს არის მოწმობა იოანესი, როცა იუდეველებმა იერუსალიმიდან წარგზავნეს მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ? 19

და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?

20 და აღიარა, როდი უარყო; დიახ, აღიარა: მე არა ვარ ქრისტე. 20 და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე.
21 ჰკითხეს: მაშ, ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა.  21 და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა.
22 მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე? 22 და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?
23 მან თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა. 23 და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.
24 ხოლო წარმოგზავნილნი ფარისეველთაგანნი იყვნენ. 24 და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი.
25 და ჰკითხეს მას: მაშ, რატომ სცემ ნათელს, თუკი არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც წინასწარმეტყველი? 25 ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი?
26 მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას იგი, ვისაც არ იცნობთ. 26 მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით,
27 ის არის ჩემს შემდეგ მომავალი, რომელიც ჩემზე უწინარეს იყო; და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევუხსნა ხამლის საკვრელი. 27 რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი.
28 ეს ხდებოდა ბეთაბარაში, იორდანეს გაღმა, სადაც ნათელს სცემდა იოანე. 28 ესე ბეთაბრას იყო, წიაღ-იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.
29 მეორე დღეს დაინახა მისკენ მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. 29 ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.
30 ეს არის, ვისთვისაც ვთქვი: ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო. 30 ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს.
31

მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად.

31 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.
32 მაშინ იმოწმა იოანემ და თქვა: ვიხილე სული, მტრედივით გადმომავაღი და დავანებული მასზე. 32 და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა.
33 მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სულით წმიდით ნათლისმცემელი. 33 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.
34 მე ვიხილე და ვიმოწმე, რომ ეს არის ძე ღმრთისა. 34 და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.
35 მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად. 35

ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.

36 დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა. 36 და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ.
37 ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. 37 და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს.
38 ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ? 38 მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი?
39 უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი. 39 ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე.
40 ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო, 40 იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას.
41 რომელმაც ყველაზე უმალ თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე); 41 პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“.
42 და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე). 42 ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.
43 მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო. 43 ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდი მე.
44

ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.

44 ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა.
45 მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.  45 პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით.
46 და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე. 46 და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.
47 მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა. 47 იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.
48 უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე. 48 ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.
49 ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე. 49 მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.
50 მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ. 50 მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო.
51 და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე. 51 და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.