ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. |
1 | ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. |
2 | გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. | 2 | კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა. |
3 | ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე. | 3 | და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე. |
4 | მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი. | 4 | არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ. |
5 | ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო. | 5 | ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ? |
6 | თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული. | 6 | არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი. |
7 | მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. | 7 | არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა. |
8 | და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის: | 8 | და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს: |
9 | ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. | 9 | ცოდვისათჳს ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ; |
10 | სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. | 10 | ხოლო სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე; |
11 | განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია. | 11 | ხოლო სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს. |
12 |
კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ. |
12 | ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტჳრთვად. |
13 | ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. | 13 | ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ. |
14 | ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. | 14 | მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. |
15 | ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი. | 15 | ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. |
16 | ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ: კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარ. | 16 | მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა. |
17 | ხოლო ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო? | 17 | ჰრქუეს უკუე მოწაფეთა მისთა ურთიერთას: რაჲ არს, რომელსა-ესე მეტყჳს ჩუენ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედღა, და მიხილოთ მე, და რამეთუ მე მივალ მამისა ჩემისა? |
18 | ასე ამბობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაც? ვერ გაგვიგია, რას ამბობს. | 18 | და იტყოდეს უკუე: რაჲ არს ესე „მცირედ“? არა უწყით, რასა იტყჳს. |
19 | იესო მიხვდა, რომ შეკითხვა სურდათ, და უთხრა მათ: იმისთვის ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ-მეთქი? | 19 | გულისჴმა-ყო იესუ, რამეთუ უნდა კითხვის, და ჰრქუა მათ: ამისთჳს გამოეძიებთა ურთიერთას, რამეთუ ვთქუ: მცირედღა, და არღარა მხედვიდეთ მე; და კუალად მცირედ, და მიხილოთ მე? |
20 | ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ. | 20 | ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ სტიროდით და ჰგოდებდეთ თქუენ, ხოლო სოფელსა უხაროდის, და თქუენ სწუხდეთ, არამედ მწუხარებაჲ თქუენი სიხარულად გარდაიქცეს. |
21 | ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად. | 21 | დედაკაცი რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი. ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა. |
22 | თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს. | 22 | ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან. |
23 |
ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ. |
23 | და მას დღესა შინა მე არარაჲ მკითხოთ. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. |
24 | აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული. | 24 | აქამომდე არარაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს. |
25 | აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ. | 25 | ამას იგავით გეტყოდე თქუენ. ხოლო მოვალს ჟამი, ოდეს არღარა იგავით გეტყოდი თქუენ, არამედ განცხადებულად მამისა ჩემისათჳს გითხრა თქუენ. |
26 | იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის. | 26 | მას დღესა შინა ითხოოთ სახელითა ჩემითა, და არა გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთჳს. |
27 | რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი. | 27 | რამეთუ თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ და გრწმენა რამეთუ მე ღმრთისაგან გამოვედ. |
28 | მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ. | 28 | გამოვედ მამისაგან და მოვედ სოფლად და კუალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა. |
29 | მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ. | 29 | ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: აჰა აწ განცხადებულად იტყჳ და იგავსა არცა ერთსა რას იტყჳ. |
30 | ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი. | 30 | და აწ უწყით ჩუენ, რამეთუ ყოველივე იცი და არა გიჴმს, რაჲთა გკითხოს ვინმე. ამის გამო გურწამს, რამეთუ ღმრთისაგან გამოხუედ. |
31 | მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ? | 31 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აწ სამე გრწამს? |
32 | აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა. | 32 | აჰა მოვალს ჟამი და მოწევნულ არს, რამეთუ განიბნინეთ კაცად-კაცადი თჳსად ადგილად და მე მარტოჲ დამიტეოთ; და არა ვარ მე მარტოჲ, არმედ მამაჲ ჩემი ჩემ თანა არს. |
33 | ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას. | 33 | ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა ჩემ თანა მშჳდობაჲ გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა. |