ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა. |
1 | და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი. |
2 | იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. | 2 | მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას. |
3 | და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო არა აქვთ. | 3 | და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს. |
4 | ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა, დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. | 4 | ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი. |
5 | დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. | 5 | ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ! |
6 | იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. | 6 | იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. |
7 | უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს პირთამდე. | 7 | და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ. |
8 | კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას. და მიართვეს. | 8 | და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. |
9 | როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. | 9 | და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა |
10 | და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს; შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. | 10 | და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე. |
11 | ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი. და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. | 11 | ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა. |
12 | ამის შემდეგ ჩავიდა იესო კაპერნაუმს დედამისთან, თავის ძმებსა და მოწაფეებთან ერთად, და რამდენიმე დღე დარჩა იქ. | 12 |
ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. |
13 | ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს. | 13 | და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. |
14 |
ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი. |
14 | და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი. |
15 | დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. | 15 | და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი; და კერმის-მსყიდველთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა. |
16 | მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის სახლს. სავაჭრო სახლად. | 16 | და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო. |
17 | მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი სახლის შური მჭამს მე. | 17 | და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე. |
18 | მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? | 18 | მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ? |
19 | ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. | 19 | მიუგო იესუ და ჰრქუა: დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. |
20 | იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? | 20 | ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? |
21 | მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. | 21 | ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა. |
22 | ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც. | 22 | და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ. |
23 | იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. | 23 | და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა. |
24 | მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად იცნობდა ყველას. | 24 | ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი. |
25 | და არ სჭირდებოდა ვისიმე მოწმობა ადამიანზე, ვინაიდან თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში. | 25 | და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა. |