ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა. |
1 | ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ. |
2 | თან მისდევდა დიდძალი ხალხი, ვინაიდან ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა სნეულთა განკურნებისას. | 2 | და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. |
3 | ავიდა მთაზე იესო და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად. | 3 | და აღვიდა მთასა და მუნ დაჯდა მოწაფითურთ თჳსით. |
4 | ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული. | 4 | და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ. |
5 | გაიხედა იესომ და მისკენ მომავალი დიდძალი ხალხის დანახვაზე ფილიპეს უთხრა: სად ვიყიდოთ პური, რომ ვაჭამოთ მათ? | 5 | აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ? |
6 | ამ სიტყვებით მას სცდიდა, თვითონ კი იცოდა, რაც უნდა ექნა. | 6 | ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად. |
7 | ფილიპემ მიუგო, ყველას რომ ცოტ-ცოტა ერგოს, ორასი დინარის პურიც არ ეყოფა ამათ. | 7 | ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს. |
8 | ხოლო ერთმა მისმა მოწაფემ, ანდრიამ, სიმონ-პეტრეს ძმამ, უთხრა: | 8 | ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან: |
9 | აქ არის ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამოდენა ხალხისთვის? | 9 | არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე? |
10 | იესომ ბრძანა, დაესხათ ხალხი, ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა რიცხვით ხუთი ათასამდე კაცი. | 10 | ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ. |
11 | აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა ჩამოურიგეს მსხდომარეთ; ასევე თევზიც, ვისაც რამდენი სურდა. | 11 | და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ. |
12 | როცა გაძღნენ, თავის მოწაფეებს უთხრა, აეკრიფათ ნარჩენები, რომ არაფერი დაკარგულიყო. | 12 | და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების. |
13 | მათაც აკრიფეს და გაავსეს თორმეტი კალათი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა. | 13 | ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს. |
14 | ხოლო ხალხმა, რომელმაც იხილა იესოს მიერ ქმნილი სასწაული, თქვა: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად. | 14 | ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად. |
15 | იესომ იცოდა, რომ აპირებდნენ მოსვლას და მის შეპყრობას, რათა გაემეფებინათ იგი; ამიტომ კვლავ განმარტოვდა მთაზე. | 15 | ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ. |
16 | როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ზღვაზე ჩავიდნენ; | 16 |
და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. |
17 | ნავში ჩასხდნენ და ზღვის გაღმა, კაპერნაუმისკენ გასწიეს. ჩამობნელდა, იესო კი ჯერაც არ მისულიყო მათთან. | 17 | და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ, |
18 | ძლიერი ქარი ქროდა და ზღვა ბობოქრობდა. | 18 | და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა. |
19 |
ოცდახუთი თუ ოცდაათი უტევანი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც უახლოვდებოდა ნავს, და შეშინდნენ. |
19 | და შე-ოდენ-სრულ იყვნეს ვითარ ოც და ხუთ უტევან გინა ოც და ათ, იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა; და მოეახლა რაჲ ნავსა მას, შეეშინა მათ. |
20 | ხოლო იესომ უთხრა მათ: მე ვარ, ნუ გეშინიათ. | 20 | ხოლო თავადმან მან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ! |
21 | უნდოდათ ნავზე აეყვანათ, მაგრამ მაშინვე მიადგნენ ნაპირს, საითკენაც მიცურავდნენ. | 21 | უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს. |
22 | მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ არ იყო იქ სხვა ნავი, გარდა იმ ერთისა, რომელშიაც ისხდნენ მისი მოწაფეები, იესო კი არ მჯდარიყო ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხთლოდ მოწაფეებს გაეცურათ. | 22 | ხვალისაგან ერი იგი რომელი დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს. |
23 | ხოლო ტიბერიადიდან სხვა ნავებიც მიადგნენ იმ ადგილს, სადაც პური ჭამეს მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა. | 23 | მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა. |
24 | როდესაც ხალხმა დაინახა, რომ იქ აღარც იესოა და აღარც მისი მოწაფეები, თვითონაც ნავებში ჩასხდნენ და იესოს საძებნელად კაპერნაუმისკენ გასწიეს. | 24 | ვითარცა იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესუს. |
25 | ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, უთხრეს მას: რაბი, როდის მოხვედი აქ? | 25 | და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა? |
26 | მიუგო მათ იესომ და თქვა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით. | 26 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. |
27 | ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსთვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ, და რომელსაც მოგცემთ ძე კაცისა, ვინაიდან მამა ღმერთმა აღბეჭდა იგი. | 27 | იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან. |
28 | მათ უთხრეს: რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი? | 28 | ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? |
29 | მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული. | 29 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა. |
30 | კვლავ უთხრეს მას: რა სასწაულს მოახდენ, რომ ვიხილოთ და გიწამთთ? მაინც რას მოიმოქმედებ? | 30 | და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ? |
31 | ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ზეცით მისცა მათ საზრდოდ პური. | 31 | მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მოსცა მათ ჭამად. |
32 | უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით ჭეშმარიტ პურს. | 32 | ჰრქუა მას იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით. |
33 | ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას. | 33 | რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა. |
34 | მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს. | 34 | ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე. |
35 |
და უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს. |
35 | ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. |
36 | მაგრამ აკი გითხარით, რომ მიხილეთ და არ მიწამეთ. | 36 | არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს. |
37 | ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა, ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ. | 37 | ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე. |
38 | ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა. | 38 | რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ. |
39 | ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს. | 39 | ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. |
40 | ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს. | 40 | რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. |
41 | ხოლო იუდევეღესი დრტვინავდნენ მის გამო, რადგანაც თქვა: მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით; | 41 | დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ, |
42 | და ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო? | 42 | და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ? |
43 | მიუგო იესომ და უთხრა მათ: ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის. | 43 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას. |
44 | ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. | 44 | ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. |
45 | წინასწარმეტყველთა მიერ დაწერილია: ყველა ღმერთის მიერ განისწავლება. ყველა, ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოვა. | 45 | წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა. |
46 | არა იმიტომ, რომ ვინმეს უხილავს ღმერთი, გარდა იმისა, ვინც ღმრთისაგან არის; მხოლოდ მან იხილა მამა. | 46 | არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ. |
47 | ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე. | 47 | ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
48 | მე ვარ პური სიცოცხლისა. | 48 | მე ვარ პური ცხორებისაჲ. |
49 | თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. | 49 | მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს. |
50 | ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. | 50 | ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. |
51 |
მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. |
51 | მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა. |
52 | იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? | 52 | ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად? |
53 | უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. | 53 | ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. |
54 | ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. | 54 | ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. |
55 | რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. | 55 | რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. |
56 | ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. | 56 | და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. |
57 | როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. | 57 | ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. |
58 | ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს. | 58 | რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. |
59 | ესა თქვა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა. | 59 | ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს. |
60 | ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა? | 60 | მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა? |
61 | ხოლო იესომ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ? | 61 | იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? |
62 | მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო? | 62 | უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ? |
63 | სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე. | 63 | სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება. |
64 |
მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი. |
64 | არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი. |
65 | და თქვა: ამიტომაც გითხარით, რომ ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი არ მიეცემა მამის მიერ. | 65 | და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა. |
66 | ამის შემდეგ ბევრი მოწაფე ჩამოშორდა და აღარ მისდევდა მას. | 66 | ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა. |
67 | მაშინ იესომ უთხრა თორმეტს: თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? | 67 | ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? |
68 | ხოლო სიმონ-პეტრემ მიუგო: უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს. | 68 | მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. |
69 | ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. | 69 | და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. |
70 | მიუგო მათ იესომ: განა თორმეტი არ აგირჩიეთ? მაგრამ ერთ თქვენგანში ეშმაკია. | 70 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს. |
71 | იუდა ისკარიოტელზე, სიმონის ძეზე, ამბობდა ამას, რადგანაც მას, ერთ თორმეტთაგანს, უნდა გაეცა იგი. | 71 | ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი. |