ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამის შემდეგ იესო დადიოდა გალილეაში და არ უნდოდა იუდეაში ევლო, ვინაიდან იუდეველები მოსაკლავად ეძებდნენ მას. |
1 | ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად. |
2 | მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა. | 2 | ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ. |
3 | და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეესმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი. | 3 | ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. |
4 | ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი. | 4 | რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. |
5 | ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი. | 5 | რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. |
6 | და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის. | 6 | ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს. |
7 | თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი. | 7 | ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. |
8 | თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი. | 8 | თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს. |
9 | ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა. | 9 | ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. |
10 | მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად. | 10 | და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად. |
11 | იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო? | 11 | ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი? |
12 | და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო. | 12 | და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა. |
13 | თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე. | 13 | და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა. |
14 | მაგრამ შუა დღესასწაულზე შევიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა. | 14 | და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა. |
15 | უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი? | 15 | უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად? |
16 | მიუგი, იესომ და უთხრა მათ: ჩემი მოძღვრება ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებლისა. | 16 | მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ. |
17 |
ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, შეიცნობს, ვისია ეს მოძღვრება: ღმრთისაგან არის თუ ჩემით ვლაპარაკობ. |
17 | უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ. |
18 | ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს, ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია, და უსამართლობა არ არის მასში. | 18 | რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა. |
19 | განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არცერთი თქვენგანი არ იცავს რჯულს. რად მეძებთ მე მოსაკლავად? | 19 | ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად? |
20 | მიუგო ხალხმა და თქვა: ეშმაკეუღი ხარ; ვინ გეძებს მოსაკლავად? | 20 | მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად? |
21 | მიუგო იესომ და უთხრა მათ: ერთი საქმე ვქმენ და ყველას გიკვირთ. | 21 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს. |
22 | მოსემ მოგცათ წინადაცვეთა (თუმცა მოსემ კი არა, მამებმა მოგცეს) და შაბათ დღეს წინადაცვეთავთ კაცს. | 22 | ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან. |
23 | თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯულღი, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს? | 23 | უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა? |
24 | იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ. | 24 | ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ. |
25 | ხოლო ზოგიერთი იერუსალიმელი ამბობდა: ეს ხომ არ არის, ვისაც მოსაკლავად ეძებენ? | 25 | იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? |
26 | აჰა, აშკარად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ნუთუ მართლა ცნეს მთავრებმა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტე? | 26 | აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე? |
27 | მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, სადაურია; ქრისტე კი, როდესაც მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის. | 27 | არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს. |
28 | მაშინ იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა, შეღაღადა და თქვა: მეც მიცნობთ და ისიც იცით, სადაური ვარ; მაგრამ ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. | 28 | ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. |
29 | მე კი ვიცნობ, ვინაიდან მისგან ვარ და მან მომავლინა. | 29 | ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე. |
30 | ამიტომ ეძებდნენ შესაპყრობად, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. | 30 | ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი. |
31 | ხალხში მრავალმა იწამა იგი და თქვა: როდესაც ქრისტე მოვა, ნუთუ იმაზე მეტ სასწაულს მოახდენს, რაც ამან მოახდინა? | 31 | და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა? |
32 |
ეს მითქმა-მთთქმა რომ გაიგონეს ხალხში, ფარისეველებმა და მღვდელმთავრებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად. |
32 | და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი. |
33 | ხოლო იესომ თქვა: ცოტა ხანსაც დავყოფ თქვენთან და ჩემს მომავლინებელს მივუბრუნდები. | 33 | და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა. |
34 | ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ იქ. | 34 | მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად. |
35 | ხოლო იუდეველები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? იქნებ ბერძენთა შორის განთესილებში აპირებს წასვლას, რათა ასწავლოს ბერძნებს? | 35 | იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა? |
36 | ან რას ნიშნავს მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, ვინაიდან სადაც მე ვიქნები, ვერ მოხვალთ თქო. | 36 | რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად? |
37 | ხოლო დღესასწაულის უკანასკნელ, დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას. | 37 | და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. |
38 | ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი. | 38 | და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. |
39 | ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო. | 39 | ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ. |
40 | ამის გაგონებაზე ბევრმა თქვა ხალხში: ჭეშმარიტად ეს არის წინასწარმეტყველი. | 40 | მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაჲ ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი. |
41 | მეორენი ამბობდნენ: ეს არის ქრისტე; სხვები კი კითხულობენ: განა ქრისტე გალილეიდან მოვა? | 41 | სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? |
42 | წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი. | 42 | არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე? |
43 | და მის გამო დიდი ცილობა ატყდა ხალხში. | 43 | და განწვალებაჲ იყო მისთჳს ერსა შორის. |
44 | ზოგიერთს მისი შეპყრობა სურდა, მაგრამ ვერავინ დაადო ხელი. | 44 | და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა. |
45 | მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი? | 45 | მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? |
46 | მსახურებმა მიუგეს: არასოდეს კაცს არ ულაპარაკია ისე, როგორც ლაპარაკობს ეს კაცი. | 46 | მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი. |
47 |
ფარისევლებმა უთხრეს მათ: ნუთუ თქვენც გაცდუნათ? |
47 | მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქუენცა ნუუკუე შე-ვე-ცთომილ ხართა? |
48 | ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა მისი? | 48 | ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენაა მისი ანუ ფარისეველთა? |
49 | მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც არ იცის რჯული, დაწყევლილია. | 49 | არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, დაწყეულ არიან. |
50 | უთხრა მათ ნიკოდემემ, რომელიც ღამით მივიდა მასთან, და თვითონაც ერთი მათგანი იყო: | 50 | ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი: |
51 | განა ჩვენი რჯული განსჯის კაცს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და გაიგო, რა ჩაიდინა? | 51 | ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? |
52 | მიუგეს და უთხრეს: იქნებ შენც გალილეველი ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან არასოდეს აღმდგარა წინასწარმეტყველი. | 52 | მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს. |
53 | და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. | 53 | და წარვიდა კაცად-კაცადი სახიდ თჳსად. |