ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა, - მოწოდებულთ, რომელნიც შეიყვარა მამა ღმერთმა და დაცულნი არიან იესო ქრისტესათვის. |
1 |
იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა, |
2 | წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გიმრავლოთ. | 2 | წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ. |
3 | საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ. | 3 | საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა. |
4 | ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს. | 4 | რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ. |
5 | მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. | 5 | მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა. |
6 | ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს. | 6 | ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა. |
7 | ისევე, როგორც სოდომი, გომორი და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათსავით მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, საუკუნო ცეცხლით დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი. | 7 | ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს. |
8 | იგივე ელით ამ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, მთავრობათა უარმყოფლებსა და დიდებათა მგმობელთ. | 8 | ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ. |
9 | მიქაელ მთავარანგელოზმა, ეშმაკს რომ ეპაექრებოდა მოსეს სხეულის გამო, ვერ გაბედა გმობის მსჯავრი წარმოეთქვა მის მიმართ, არამედ თქვა: შეგრისხოს უფალმა! | 9 | ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან! |
10 | ისინი კი ჰგმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პირუტყვებმა, იმითვე იხრწნიან თავს. | 10 | გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან. |
11 | ვაი მათ, რადგან კაენის გზას დაადგნენ, საზღაურისთვის აჰყვნენ ბალაამის საცთურს და ურჩობით დაიღუპნენ, როგორც კორე. | 11 | ვაჲ მათდა, რამეთუ გზასა მას კაენისა ვლენან და საცთურსა მას ბალამის სასყიდლისასა აღერინეს და ცილობითა მით კორესითა წარწყმდეს. |
12 | ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ; უწყლო ღრუბელნი, ქარის მიერ მიმოფანტულნი, შემოდგომის უნაყოფო ხენი, ორგზის გამხმარნი, ფესვებითურთ ამოძირკვულნი; | 12 |
ესენი არიან, რომელნი სიყვარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა ჰმწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ გზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი, |
13 |
ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი. |
13 | ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისათჳს სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს. |
14 | მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, | 14 | წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა. |
15 | რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი. | 15 | ყოფად სასჯელისა ყოვლისათჳსვე და მხილებად ყოველთა უღმრთოთა მათთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომელ ურჩულოებდეს და ყოვეთათჳს სიტყუათა ფიცხელთა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი. |
16 | ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი. | 16 | ესენი არიან მდრტჳნავნი, მაბრალობელნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი, და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა. თუალთ აღებენ პირსა სარგებელისა მიზეზითა. |
17 | თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ სიტყვები, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთა მიერ წინასწარ თქმული. | 17 | ხოლო თქუენ, საყუარელნო, მოიჴსენენით სიტყუანი იგი, წინაწარ თქმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. |
18 | ისინი გეუბნებოდნენ, რომ უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთი უკეთური გულისთქმისამებრ მავალნი. | 18 | რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა იყვნენ მოკიცხარნი გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი უღმრთოჲსა. |
19 | ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი. | 19 | ესენი არიან, რომელნი განიშორებენ თავთა თჳსთა მშჳნვიერნი, რომელთა სულ არა აქუს. |
20 | ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით. | 20 | ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა, სულითა წმიდითა ილოცევდით. |
21 | ღვთის სიყვარულით დაიცავით თავი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის. | 21 | თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ცხორებად. |
22 | ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ. | 22 | რომელთამე სწყალობდით შეუორგულებელად, |
23 | ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც. | 23 | და რომელთამე იჴსნიდით შიშითა და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით. გძულდინ ჴორცთაგანცა შეგინებული იგი სამოსელი. |
24 | ხოლო ვისაც შეუძლია დაცემისაგან დაგიცვათ და უმწიკვლონი სიხარულით დაგადგინოთ თავისი დიდების წინაშე, | 24 | ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა თჳსისა უბიწოთა სიხარულით. |
25 | ღმერთს, ერთსა და ბრძენს, მაცხოვარს ჩვენსას უფალ იესო ქრისტეს მიერ, დიდება და სიდიადე, ძალა და ხელმწიფება, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ. | 25 | მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა, დიდებაჲ და სიმდიდრე, სიმტკიცე და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |