ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ

თავი პირველი

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, და ძმა ტიმოთე -

1

პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ

2 კოლოსეში მყოფი წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში: მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისაგან. 2 კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:
3 დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას, 3 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ვჰმადლობ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მარადის თქუენთჳს ვილოცავთ.
4 რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ, 4 გუესმა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი ქრისტე იესუჲს მიმართ და სიყუარული ყოველთა მიმართ წმიდათა
5 ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით, 5 სასოებისა მისთჳს, განმზადებულისა თქუენთჳს ცათა შინა, რომელი-იგი წინაწარ გესმა სიტყუასა მას შინა ჭეშმარიტებისა სახარებისასა,
6 რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი; 6 რომელი-იგი მოიწია თქუენდა, ვითარცა ყოველსა შინა სოფელსა, და არს ნაყოფიერ და აღორძინებულ, ვითარცა-ეგე თქუენ შორის, ვინაჲ დღითგან გესმა და სცანთ მადლი იგი ღმრთისაჲ ჭეშმარიტებით,
7 როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის; 7 ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაჲსგან, საყუარელისა თანა-მონისა ჩუენისა, რომელ-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი,
8 მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით. 8 რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა.
9 ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით, 9 ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა,
10 რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით, 10 რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა,
11 ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ, 11 ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა, სიხარულით,
12 სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, რომელმაც იმის ღირსნი გვყო, რომ წმიდათა ხვედრს ვზიარებოდით ნათელში; 12 ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა,
13 რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში, 13 რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა,
14 ვინც გამოგვისყიდა თავისი სისხლით და მოგვიტევა ჩვენი ცოდვები; 14 რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ,
15

ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,

15

რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ.

16 რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. 16 რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.
17 ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას. 17 და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა.
18 ის არის თავი ეკლესიის სხეულისა, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს, 18 და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;
19 რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება, 19 რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად
20 რათა მისი მეშვეობიი, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც. 20 და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ, მშჳდობა-ყო სისხლითა მით ჯუარისა მისისაჲთა მის მიერ, გინა თუ ქუეყანასა ზედა, გინა თუ ცათა შინა.
21 და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი, 21 და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა,
22 აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე, 22 ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,
23 მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე. 23 უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.
24 ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია. 24 აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,
25 ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, - 25 რომლისა ვიქმენ მე მსახურ მოღუაწებითა ღმრთისაჲთა, რომელი მომეცა მე თქუენდა მიმართ აღსრულებად სიტყჳსა ღმრთისა
26 საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის, 26 საიდუმლოჲ იგი, დაფარული საუკუნითგან და ნათესავითგან, ხოლო აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა,
27 რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება, 27 რომელთაჲ-იგი ინება ღმერთმან უწყებად, რაჲ-იგი არს სიმდიდრე დიდებისა საიდუმლოჲსაჲ მის წარმართთა შორის, რომელ არს ქრისტე თქუენ შორის, სასოებაჲ იგი დიდებისაჲ,
28 რომელსაც ვქადაგებთ და შევაგონებთ ყველას, რათა მთელი სიბრძნით დავმოძღვროთ ყოველი კაცი და სრულქმნილად წარვადგინოთ ქრისტე იესოში; 28 რომელსა-ესე ჩუენ ვქადაგებთ, ვასწავებთ ყოველსა კაცსა და ვჰმოძღურით ყოველსა კაცსა ყოვლითა სიბრძნითა, რაჲთა წარუდგინოთ ყოველი კაცი სრული ქრისტე იესუჲს მიერ.
29 რისთვისაც ვშრომობ და ვიღწვი მისი ძალით, ძლევამოსილად რომ მოქმედებს ჩემში. 29 რომლისათჳსცა ვშურები და ვიღუწი შეწევნისაებრ მისისა, შეწევნულისა ჩემ შორის ძალითა.