ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.

1

უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა.

2 გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით. 2 ლოცვასა განეკრძალენით, იღჳძებდით მას შინა მადლობით;
3 ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი; 3 ილოცევდით მის თანა და ჩუენთჳსცა, რაჲთა ღმერთმან განმიღოს ჩუენ კარი სიტყჳსაჲ სიტყუად საიდუმლოთა მათ ქრისტესთა, რომლისათჳსცა პყრობილ ვარ,
4 რათა ისე განვაცხადო, როგორც მმართებს მისი უწყება. 4 რაჲთა განვაცხადო იგი, ვითარ-იგი ჯერ-არს ჩემდა სიტყუად.
5 ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ. 5 სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით.
6 თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ. 6 სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ.
7 ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში, 7 ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და თანა-მონამან ჩუენმან უფლისა მიერ,
8 რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს, 8 რომელი მივავლინე თქუენდა მებრვე ამისთჳს, რაჲთა ცნას თქუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა,
9 ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს. 9 ონისიმეს თანა, სარწმუნოჲსა და საყუარელისა ძმისა, რომელ-იგი არს თქუენგანი; ყოველივე აქაჲ გაუწყოს თქუენ.
10 მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი, 10 გიკითხავს თქუენ არისტარხოს, თანა-ტყუე ჩუენი, და მარკოზ, მამის ძმის წული ბარნაბაჲსი, - რომლისათჳს მიიღეთ მცნებაჲ; უკუეთუ მოვიდეს თქუენდა, შეიწყნარეთ იგი, -
11 და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში. 11 და ისუ, რომელსა-იგი ერქუა იოსტოს, რომელნი-იგი იყვნეს წინადაცუეთილებისაგანნი; ესენი ხოლო შემწე არიან ჩემდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, რომელნი მექმნნეს მე ნუგეშინის-მცემელ.
12 მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით. 12 გიკითხავს თქუენ ეპაფრა თქუენგანი, მონაჲ ქრისტესი, მარადის იღუწის თქუენთჳს ლოცვათა შინა მისთა, რაჲთა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი ყოვლითა ნებითა ღმრთისაჲთა.
13 მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის. 13 რამეთუ ვეწამები მას, ვითარმედ აქუს შური ფრიადი თქუენთჳს და ლავდიკელთა მათთჳს და იერაპოლელთა.
14 მოგიკითხავთ ლუკა, საყვარელი მკურნალი, და დემასი. 14 გიკითხავს თქუენ ლუკა, მკურნალი საყუარელი, და დიმა.
15 მოიკითხეთ ლაოდიკელი ძმები, აგრეთვე ნიმფასი და მისი შინაური ეკლესია. 15 კითხვაჲ არქუთ ლავდიკეთა მათ ძმათა და ნუმფას და სახლად-სახლად სახლისა მათისა კრებულთა.
16 როცა ამ წერილს წაიკითხავთ, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, მათთვის გაგზავნილი წერილი კი თქვენც წაიკითხეთ. 16 და რაჟამს აღმოიკითხოთ თქუენ წიგნი ესე, ეგრეთ ყავთ, რაჲთა ლავდიკელთაცა ეკლესიასა აღმოიკითხოს, და ლავდიკიაჲთ კუალად რაჲთა თქუენვე აღმოიკითხოთ.
17 არქიპოსს უთხარით: შენ იცი, როგორ აღასრულებ მსახურებას, უფლისგან რომ მიიღე-თქო. 17 და არქუთ არქიპოსს: ეკრძალე მსახურებასა მას, რომელი მიიღე უფლისა მიერ, რაჲთა იგი აღასრულო.
18 მოგიკითხავთ მე, პავლე, ჩემი ხელით. გახსოვდეთ ჩემი ტყვეობა. მადლი თქვენთან. ამინ. 18 კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. მოიჴსენენით კრულებანი ჩემნი. მადლი თქუენ თანა. ამინ.