ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. |
1 | და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად. |
2 | უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. | 2 | და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა. |
3 | წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. | 3 | წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა. |
4 | ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. | 4 | ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ. |
5 | რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. | 5 | და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! |
6 | თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ. | 6 | და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს. |
7 | იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. | 7 | მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად. |
8 | თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. | 8 | და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა |
9 | განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. | 9 | და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. |
10 | ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: | 10 | და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: |
11 |
თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. |
11 | აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. |
12 | გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. | 12 | გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის. |
13 | ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. | 13 | ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. |
14 | ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. | 14 | ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ. |
15 | და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი. | 15 | და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე. |
16 | თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს. | 16 | რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა. |
17 | სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. | 17 | და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. |
18 | და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. | 18 | ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. |
19 | აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. | 19 | აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. |
20 | მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. | 20 | ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა. |
21 |
მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ. |
21 | მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. |
22 | ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას. | 22 | და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს. |
23 | მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. | 23 | და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის. |
24 | რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს. | 24 | ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა. |
25 | და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? | 25 | და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? |
26 | უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ? | 26 | ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? |
27 | ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი. | 27 | ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი. |
28 | უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები. | 28 | ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე. |
29 | ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი? | 29 | ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა? |
30 | მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. | 30 | მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. |
31 |
შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. |
31 | ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. |
32 | ასევე ერომა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. | 32 | და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა. |
33 | მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; | 33 | მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. |
34 | მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. | 34 | და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი. |
35 | ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო. | 35 | და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ. |
36 | როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს? | 36 | ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ? |
37 | მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი. | 37 | ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე. |
38 | მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. | 38 | და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. |
39 | ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. | 39 | და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. |
40 | მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს. | 40 | ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე. |
41 | მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ; | 41 | მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ. |
42 | მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას. | 42 | ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან. |