ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს. |
1 | და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა. |
2 | და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. | 2 | ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. |
3 | პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე. | 3 | პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. |
4 | და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან. | 4 | და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. |
5 | და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური, | 5 | და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, |
6 | ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, - | 6 | რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას. |
7 | ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე. | 7 | მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. |
8 | გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება. | 8 | გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას. |
9 | ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, | 9 | ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ. |
10 | რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. | 10 | რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს. |
11 | რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? | 11 | ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? |
12 |
ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? |
12 | გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? |
13 | ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს? | 13 | უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას. |
14 | ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს. | 14 | და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა. |
15 | ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. | 15 | ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა. |
16 | ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით. | 16 | და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან. |
17 | მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. | 17 | ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის. |
18 | თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ. | 18 | და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა. |
19 | მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. | 19 | უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ. |
20 | ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს. | 20 | უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. |
21 | როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. | 21 | რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი. |
22 | მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. | 22 | და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის. |
23 |
ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს. |
23 | რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. |
24 | როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. | 24 | რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ. |
25 | და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს. | 25 | და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული. |
26 | მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება. | 26 | მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. |
27 | ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. | 27 |
და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი. |
28 | ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას. | 28 | ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი. |
29 | როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა. | 29 | და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. |
30 | ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის. | 30 | ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას. |
31 | სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. | 31 | დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. |
32 | ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია. | 32 | კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა. |
33 | არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს. | 33 | არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა. |
34 |
სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც. |
34 | სანთელი გუამისაჲ არს თუალი; ოდეს თუალი შენნი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. |
35 | მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში. | 35 | იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს. |
36 | ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით. | 36 | უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა რაჲ აქუნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ. |
37 | ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა. | 37 | და ვითარცა იტყოდა ამას თავადი, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა. |
38 | ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა. | 38 | ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე. |
39 | მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით. | 39 | ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არნ ნატაცებითა და უკეთურებითა. |
40 | უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც? | 40 | ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა? |
41 | მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ. | 41 | გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს. |
42 | მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ. | 42 | არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად. |
43 | ვაი თქვენდა ფარისელნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა. | 43 | ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა. |
44 | ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან. | 44 | ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან. |
45 |
მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ? |
45 | მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ. |
46 | მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს. | 46 | ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას. |
47 | ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი. | 47 | ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი. |
48 | ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ. | 48 | ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ. |
49 | ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან. | 49 | ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ. |
50 | რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, | 50 | რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან, |
51 | აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას. | 51 | სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან. |
52 | ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. | 52 | ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ. |
53 | ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა, | 53 | და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა. |
54 | რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის. | 54 | და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი. |