ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლუკას სახარება

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.

1 მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა.
2 მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ? 2 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?
3 არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. 3 გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ.
4 ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი? 4 ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს?
5 არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით. 5 გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.
6 და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა. 6 და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა.
7 და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს. 7 და ჰრქუა ვენაჴის მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად?
8 ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი; 8 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მას გარემო და სკორე დაუდვა,
9 იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი. 9 ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.
10 შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი. 10

და ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა.

11 იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა. 11 და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ.
12

იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.

12 იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა.
13 როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს. 13 და დაასხნა მას ზედა ჴელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა.
14 მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს. 14 მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა.
15 მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად? 15 მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰჴსნისა შაბათსა შინა ჴარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასჳს მას წყალი?
16 ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? 16 ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?
17 ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი. 17 და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
18 ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას? 18 და იტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ, და ვისა მსგავს არს იგი?
19 მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს. 19 მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა იგი მტილსა თჳსსა; და აღორძინდა და იქმნა იგი ხე დიდ, და მფრინველთა ცისათა და დაიმკჳდრეს რტოთა მისთა.
20 და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს? 20 მერმე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ?
21 მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა. 21 ვამსგავსო იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუნვოს ყოველი.
22 დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი. 22 და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ.
23 ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა: 23 და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ:
24 იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ. 24 იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ.
25

ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.

25 ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.
26 მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი. 26 მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.
27 მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი. 27 და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი.
28 და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ. 28 მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე.
29 მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში. 29 და მოვიდოდიან მზისა-აღმოსავალით და მზისა-დასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით, და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა.
30 და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი. 30 და აჰა ესერა არიან უკუანაჲსკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკანაჲსკნელ.
31 იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას. 31 მას დღესა შინა მო-ვინმე-ვიდეს იესუჲსა ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად.
32 და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს. 32 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები.
33 თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს. 33 რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმსა წარწყმედად.
34 იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 34 იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ!
35 და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! 35 აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.