ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას. |
1 | და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას. |
2 | და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი. | 2 | და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა. |
3 | მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს? | 3 | მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? |
4 | ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა. | 4 | ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა. |
5 | და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს? | 5 | და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? |
6 | ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას. | 6 | და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს. |
7 | როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ: | 7 | და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეასწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ: |
8 | ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს: | 8 | რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან; |
9 | შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა. | 9 | და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად. |
10 | ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში. | 10 | არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინჴეთა შენთა. |
11 | რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. | 11 | რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს. |
12 | ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. | 12 | ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. |
13 |
არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი. |
13 | არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა, |
14 | და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას. | 14 | და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა. |
15 | ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში. | 15 | ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე, და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა! |
16 | ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა. | 16 | ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა. |
17 | როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო. | 17 | და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი. |
18 | მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. | 18 | და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან. |
19 | მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. | 19 | და სხუამან თქუა: უღლეული ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ. |
20 | მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები. | 20 | და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მოსლვად. |
21 | დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. | 21 | და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა. |
22 | მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი. | 22 | და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და ადგილი არსღა. |
23 | მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი. | 23 | და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახელი ჩემი. |
24 | რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს. | 24 | ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. |
25 | მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ: | 25 | და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ: |
26 |
თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. |
26 | რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. |
27 | ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. | 27 | და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. |
28 | რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას? | 28 | ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე. |
29 | რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა | 29 | ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა |
30 | და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო. | 30 | და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად. |
31 | ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს? | 31 | ანუ რომელი მეფე მივალნ სხჳსა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა? |
32 | თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს. | 32 | უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არნ, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშჳდობით. |
33 | ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. | 33 | ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. |
34 | კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? | 34 | კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს? |
35 | აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს! | 35 | არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ! |