ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყთ ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო. |
1 | და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. |
2 | მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა. | 2 | და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების ამიერითგან მნეობად. |
3 | მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება. | 3 | ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. |
4 | თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ. | 4 | უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან, შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. |
5 | მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? | 5 | და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? |
6 | მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი. | 6 | და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. |
7 | ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი. | 7 | მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და დაწერე: ოთხმეოცი. |
8 | შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი. | 8 | და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა. |
9 | ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში. | 9 | და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა. |
10 | მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა. | 10 | სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს. |
11 | თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? | 11 | უკუეთუ სიცრუვისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქუენ? |
12 | ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ? | 12 | და უკუეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ? |
13 | არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც. | 13 | არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. |
14 | ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას. | 14 | ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლის-მოყუარე იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას. |
15 | უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე. | 15 | და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსა თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. |
16 |
რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში. |
16 | რამეთუ სჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების. |
17 | უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან. | 17 | უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ ვიდრეღა სჯულისა ერთი რქაჲ დავრდომად. |
18 | ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. | 18 | ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა. |
19 | იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. | 19 | კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. |
20 | იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული. | 20 | გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. |
21 | ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს. | 21 | და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. |
22 | მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. | 22 | იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. |
23 | ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. | 23 | და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. |
24 | შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. | 24 | და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. |
25 | მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები. | 25 | ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. |
26 | ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ. | 26 | და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. |
27 | ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი. | 27 | ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, |
28 | ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში. | 28 | რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. |
29 | უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ. | 29 | ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. |
30 | ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ. | 30 | ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. |
31 | და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან. | 31 | ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ. |