ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლუკას სახარება

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:

1

ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა.

2 იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა. 2 და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა.
3 იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო. 3 და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.
4 დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია, 4 და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის,
5 მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს. 5 ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.
6 თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? 6 და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს.
7 განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? 7 ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა?
8 გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? 8 გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?
9 ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ: 9 თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,
10 ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე. 10 ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.
11 ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. 11 ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე,
12 ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ. 12 ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
13 ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს. 13 ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას.
14

გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

14 გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
15 მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ. 15

მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ.

16 მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. 16 ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
17 ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. 17 ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას შინა.
18 ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? 18 და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
19 იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა. 19 ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.
20 იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? 20 მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.
21 ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან. 21 ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან.
22 ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. 22 ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ: ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე.
23 ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. 23 და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო მდიდარ ფრიად.
24 დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. 24 ვითარცა იხილა იგი იესუ, რამეთუ შეწუხნა, თქუა, ვითარმედ: ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე!
25 ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. 25 უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
26 ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? 26 ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?
27 ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის. 27 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
28 და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით. 28 ჰრქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ.
29

ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის,

29 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ძმანი, გინა ცოლი, გინა შვილი სასუფეველისათჳს ღმრთისა,
30 და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში - საუკუნო სიცოცხლე. 30 რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.
31 წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის; 31

და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინაწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა:

32 ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ, 32 რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ
33 სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი. 33 და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
34 მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი. 34 და მათ არარაჲ გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი.
35 ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა. 35 და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად.
36 ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია? 36 ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაჲ-მე არს ესე?
37 უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო. 37 უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს.
38 მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე: 38 და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
39 წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე! 39 ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
40 იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა: 40 და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მოეახლა იგი, ჰკითხა მას:
41 რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო! 41 რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა აღვიხილნე თუალნი.
42 იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. 42 ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
43 მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი. 43 და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა.